5 მაისი, 2021

უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა დავით გარეჯში

დავით გარეჯში უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა გაკეთდა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და კვლევის ცენტრის მიერ 2021 წლის 25 აპრილს გარეჯის უდაბნოში სატორგეს კომპლექსში უნიკალური გუმბათიანი ეკლესია იქნა მიკვლეული.

ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და კვლევის ცენტრი ავრცელებს:

“დავით გარეჯის ერთ-ერთი ნამონასტრალის სატორგედ ცნობილი კომპლექსის კლდეში ნაკვეთი გუმბათიანი ეკლესია.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და კვლევის ცენტრის 2021 წლის 25 აპრილს სატორგეში განხორციელებული უკვე მესამე ექსპედიციის შედეგად ცენტრის მკვლევარებმა, საკმაოდ რთული რელიეფის მიუხედავად, სამთო აღჭურვილობის საშუალებით შეძლეს შესულიყვნენ აღნიშნულ ეკლესიაში.

ეკლესია საკმაოდ უნიკალურია მისი მოყვანილობით და მხატვრული გაფორმებით, როგორც ფოტოებზე ჩანს ტაძარი მის ერთ-ერთ კედელში გაჭრილი კარით უკავშირდებოდა დამატებით დამხმარე ნაგებობას ან სხვა დანიშნულების გამოქვაბულს, მასში შესასვლელი ამჟამად ამოვსებულია ნაშალი მასალით. ინტერიერში ნალესობის, კედლის მხატვრობის, ან სხვა სახის ისტორიული წარწერების კვალი არ შეიმჩნევა.

ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერებისას სავარაუდოა, რომ არსებობდა სხვა კლდეში ნაკვეთი ნაგებობებიც, რომლებიც ამჟამად რთული გეოლოგიური პირობების გამო ჩამოშლილია. საკმაოდ მძიმეა ეკლესიის ამჟამინდელი მდგომარეობა, გუმბათზე და ეკლესიის ჭერზე შეიმჩნევა ფართო ბზარები.”