13 მაისი, 2021

უდიდესი ცხოვრებისეული გაკვეთილი ჯემალ ქარჩხაძისგან

მწერალი ჯემალ ქარჩხაძე თავის ჩანაწერებსა თუ მოთხრობებში ცდილობს მკითხველს სიმართლე დაანახოს და ჭეშმარიტებას აზიაროს.

ამონარიდი, რომელსაც “არტ ინფო” გთავაზობთ, ჯემალ ქარჩხაძისეული არაჩვეულებრივი ნააზრევი და უდიდესი ცხოვრებისეული გაკვეთილია:

“კაცი შეიძლება ან მეფე იყოს, ან ლაქია, მაგრამ არ შეიძლება ერთდროულად მეფეც იყო და ლაქიაც. ჩვენ ეს ვერ გაგვიგია. ჩვენ ბაქიობას ვერ გავცდით და მეფედ კი გვინდა ვიწოდებოდეთ. თათქარიძეობას ვერ შევლევივართ და დანიის პრინცობას კი ვეპოტინებით. ჩვენი სახელი ჰამლეტია, ჩვენი გვარი – თათქარიძე. ჩვენ პირის გემო და გონების ნავარდი რა ხანია ერთმანეთში ავურიეთ. და სიმართლეს რომ არ გადავეყაროთ, თავის მოტყუებაში დავოსტატდით.

“ნიჭიერები ვართ”, ვამბობთ და თუ ეს ნათქვამი როგორმე დავიჯერეთ კიდეც, ჩვენს სიხარულს საზღვარი არა აქვს. ნიჭიერება რომ არსებობა კი არა, არამედ გამოვლენაა, ეს ამბავი სულაც არ გვადარდებს.

ჩვენ პატრიოტები ვართ. საშინელი პატრიოტები ვართ. რომელიმე ორატორი ჩინებულ სიტყვას იტყვის, სულ დარჩეულ-გადარჩეული სიტყვებით ასხამს ხოტბას სამშობლოს, მსმენელს თვალზე პატრიოტული ცრემლი მოადგება. მაშასადამე, ყველაფერი რიგზეა. ორატორი კმაყოფილია, რადგან ისეთი სიტყვა წარმოთქვა, მსმენელს თვალზე ცრემლი მოჰგვარა. მსმენელი კმაყოფილია, რადგან პატრიოტული სიტყვა ტირილამდე განიცადა. მეტი რაღა გვინდა? მიზანი მიღწეულია, ჩვენ ჩვენი პატრიოტობა დავამტკიცეთ და სამშობლოს, თუ გინდა, კისერი უტეხია!

ჩვენ ძალიან გვიყვარს წაკეკლუცება ჩვენი გამორჩეული მდგომარეობით დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. მაგრამ, როცა ევროპის ინტელექტუალურ სიღრმეში გადავიხედავთ და სიმაღლის შიში დაგვზაფრავს, კუდამოძუებული გამოვრბივართ უკან და აღმოსავლეთს ვაფარებთ თავს, ხოლო როცა აღმოსავლეთის ღვთიური ნაპერწკლით განათებულ სიბრძნეს თვალს ვერ გავუსწორებთ, სასწრაფოდ დასავლეთისკენ ვიბრუნებთ პირს. და ასე ხიდად გაჩენილები უფსკრულად ვცხოვრობთ. ხიდი მაშინ ხარ, თუ ორივე ნაპირს მყარად ებჯინები. თუ ორივე ნაპირს მოწყდი, მაშინ უფსკრული ხარ.

ყველაფერი კი პატივმოყვარეობიდან მოდის. პატივმოყვარეობა ხშირად შთანთქავს ყოველივეს, რასაც სიკეთე ბადებს. პატივმოყვარეობაა ყოველგვარი ბიწიერების დაბადების ადგილი. შური, მტრობა, სიძულვილი, ყველაფერი მისი შვილია. კაცი, რომელიც სავსებით დაძლევს პატივმოყვარეობას, საკუთარ თავში იპოვის ღმერთს. მართალია წვრილმანების მიზიდულობის ძალა მეტისმეტად დიდია და პატივმოყვარეობის დათმობისთვის მძიმე ბრძოლაა საჭირო საკუთარი თავის წინააღმდეგ, მაგრამ, მერწმუნეთ, ღირს ამ ბრძოლის გადახდა. იმიტომ რომ ჯილდო განუზომლად უფრო დიდია. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ადამიანი პატივმოყვარეობის მხარესაა და თავისუფლებას ებრძვის.”