2 მაისი, 2021

თამარ სხირტლაძის ყველაზე დიდი სურვილი

რაც დრო გადის, ქართული თეატრისა და კინოს უხუცეს მსახიობს თამარ სხირტლაძეს სულ უფრო მეტად ენატრება ერთადერთი შვილი – თაზო თოლორაია:

”რაც დრო გადის, უფრო მეტად მჭირდება და მენატრება ჩემი შვილი. ეს ამოუვსებელი ტკივილი და მშობლისთვის მოუშუშებელი იარაა. კოტე მისთვის სულ ლოცულობდა. მეც ვლოცულობ, მაგრამ კოტე ნამეტანს შვრებოდა. მწამს, მაგრამ როცა გრძნობ, რომ არ ხარ ეკლესიური და არ ხარ ამას მიჩვეული, ძალიან ძნელია, უცებ ამ ყველაფერს მიეჩვიო.

ფარისევლობის ღმერთთან ძალიან მეშინია. კოტე სულ კითხულობდა ლოცვებს, მაგრამ როცა სახლში არ იყო, ჩემი შვილის გამო სანთელს ვანთებდი, წავიკითხავდი იმ ლოცვასაც, მაგრამ ღებულობდა თუ არა ღმერთი ამ ჩემს ლოცვას, არც ვიცი. შვილის სასაფლაოზე სიარული ძალიან მიჭირს. მეგონა, მარტო მე ვიყავი ასე, მაგრამ მედიკო ჩახავა მომიყვა, რომ საერთოდ არ ყოფილა იმ შვილის სასაფლაოზე, რომელიც 32 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მჯერა, რომ ჭირისუფალმა ბევრი არ უნდა იტიროს. დედაჩემი სანთელსაც კი არ ანთებდა. მერე მეზობლებმა უთხრეს, სანთელი მაინც აანთე ხანდახანო. ძმა გარდამეცვალა 21 წლის, რომელსაც დაკერებული ფეხსაცმელები ჩააცვეს. ომის პერიოდი იყო და მაშინ ფეხსაცმელს ვერსად იყიდდი. სიზმარი ვნახე, ბავშვი ვიყავი, მაგრამ მაინც კარგად მახსოვს. სიბნელეში იჯდა და ფეხსაცმელებს კერავდა.

მშობლისთვის ძალიან ძნელია შვილის სიკვდილი და ეს დიდი ტრაგედიაა. ერთმა მშობელმა მითხრა, იცით, რა ბედნიერი ვარ, ჩემი შვილი გარდაიცვალა და ახლა სამოთხეში არისო. იმ ქალსა და ჩემ შორის ხომ არის განსხვავება?! იმ ქალს ასე სწამს და სჯერა, მე კი არ მჯერა. ძალიან მიჭირს ამის დაჯერება. ფარისევლობა ღმერთთან არ შემიძლია. კოტესაც რამეს თუ ვეტყოდი, მაშინვე ღმერთო, მაპატიე-მეთქი, ვამბობდი.”

იცით რა არის ჩემთვის მიუღებელი?! მაინცდამაინც ვიღაც უნდა გარდაგეცვალოს, რომ ეკლესიაში სიარული დაიწყო? ბევრი მერე იწყებს სანთლის ანთებას, სასაფლაოზე სიარულს და ლოცვას. ეს არ არის ეკლესიურობა.

ჩემთვის მიუღებელია ის ადამიანი, რომელსაც ჯვარი უკეთია გულზე, მაგრამ შეუძლია კაცი მოკლას. არ მჯერა იმ ადამიანების, როცა სამნი სცემენ ერთს და ჯვრები უკეთიათ გულზე. კოტე მარლთა სუფთა კაცი იყო. მას ჰქონდა იმის უფლება, რომ სანთელი აენთო და ელოცა, მაგრამ ყველას არ აქვს უფლება არც ჯვრის ტარების, არც ტაძარში შესვლის და არც სანთლის ანთების.

თუ ადამიანმა შეგნებულად გამამწარა, ცუდი გამიკეთა და მთელი ცხოვრება შეგნებულად მებრძვის, რაღა უნდა ვაპატიო? ცუდი არ გამიკეთებია, არ გადამიხდია სამაგიერო, არც კი მითქვამს, ღმერთო, ცუდად გახადე-მეთქი. არ შემიძლია ასეთ ადამიანს ვაპატიო და ჩავიხუტო გულში.”