18 მაისი, 2021

პრინცი მაჩაბელი – მსოფლიო პარფიუმერიის კლასიკა

სუნამო “პრინცი მაჩაბელი” მსოფლიო პარფიუმერიის კლასიკად არის აღიარებული. მისი ავტორი კი ქართველი თავადი გიორგი მაჩაბელია.

გიორგი ვასო მაჩაბლის შვილი და ივანე მაჩაბლის ძმისშვილი იყო. ის ასევე ნიკოლოზ ბარათაშვილის დის შვილიშვილი გახლდათ. როგორც ამბობენ, გიორგი თავიდანვე ძალიან ჰგავდა ბიძას – უილიამ შექსპირის ტრაგედიების ქართულად მთარგმნელ ივანე მაჩაბელს.

მისი ცხოვრების გზა ოსიაურიდან და თამარაშენიდან ამერიკის შეერთებულ შტატებამდე – საკმაოდ საინტერესოა: ჯერ გერმანიაში საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტი დააარსა, მერე წყალქვეშა გემებით საქართველოში ფული და იარაღი შემოიტანა, ის პირველი ეროვნული მთავრობის დიპლომატი გახლდათ. 1918–21 წლებში კი იტალიაში საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი იყო.

ჰოდა, აი, ამ ყველაფრის შემდეგ, ამერიკაში მოყვარულმა ქიმიკოსმა სუნამოს წარმოება დაიწყო. სწორედ აქედან იღებს სათავებს “პრინცი მაჩაბელი” – ეს არის სუნამო, რომელიც ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

თავადი გიორგი მაჩაბელი თავის იტალიელ მეუღლესთან მსახიობ ნორინა ჯილისთან ერთად ამერიკაში მას შემდეგ გადავიდა საცხოვრებლად, რაც რუსეთმა საქართველო დაიპყრო და მისი ოცნება დამოუკიდებელი საქართველოს შესახებ დაიმსხვრა.

თავდაპირველად მაჩაბელი ანტიკვარიატით ვაჭრობდა თავის პატარა მაღაზიაში “წითელი და შავი”, თუმცა არომატების გამოყვანით იმ პერიოდიდანვე იყო გატაცებული. თავადმა გიორგიმ შეამჩნია, რომ მის კლიენტებს სუნამოები უფრო იზიდავდა, ვიდრე ანტიკვარიტი, ამიტომაც 1924 წელს დააარსა კომპანია “პრინცი მაჩაბელი” და თავისი საგვარეულო გერბით დაამშვენა სუნამოს ბოთლი.

გასული საუკუნის 20-30-იან წლებში გიორგი მაჩაბელის ფირმა ამერიკის ყველაზე მსხვილი კომპანიების ხუთეულში შედიოდა. თავადი მაჩაბელი თვითონ ქმნიდა და აფორმებდა სუნამოებს, რეკლამასაც კი თვითონ უკეთებდა. მისი ფირმის სუნამოს ბოთლზე გამოსახული იყო მისი საგვარეულო გერბი და სამეფო გვირგვინი.

გიორგი მაჩაბელთან მისი მეგობრები, მასავით ლტოლვილი არისტოკრატები, მათი ცოლები და ქალიშვილები იყვნენ დასაქმებული. ფირმის თანამშრომლებმა შეადგინეს ყველაზე დიდგვაროვანი და თავაზიანი პერსონალი მთელ ამერიკაში. როგორც ჩანს, ეს ფაქტი არანაკლებ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რადგან “პრინცი მაჩაბელის” სუნამოებს არისტოკრატები საკუთარი ხელით ქმნიდნენ.

მოყვარულმა ქიმიკოსმა უბრალო ჰობიდან ათ წელში შექმნა არა მარტო მილიონიანი ბიზნესი, არამედ გახდა ნოვატორიც. როდესაც მაჩაბელმა თავისი ბიზნესი წამოიწყო ამერიკას საკუთარი საპარფიუმერიო მრეწველობა ჯერ არ გააჩნდა.

თავადი მაჩაბელის მიერ გამოშვებულ სუნამოებს შორის ყველაზე პოპულარული აღმოჩნდა საქართველოს არშემდგარი დედოფლის – მარინა მაჩაბლისადმი მიძღვნილი სუნამო „საქართველოს დედოფალი“. ოქროს გვირგვინის ფორმის ბოთლის მქონე სუნამოს მოჰყვა მეუღლისთვის მიძღვნილი სუნამო „პრინცესა ნორინა“, ინგლისელი ლამაზმანის სახელობის სუნამო “დიუშეს ოფ იორკ“, სუნამო „ოქროს შემოდგომა“, სააბაზანო ზეთი „აბანო“, ოდეკოლონი „ქარის სიმღერა“, დაპრესილი პუდრი და პომადა.

პარფიუმერიისთვის საჭირო ბოთლები გერმანული ფაიფურისგან მზადდებოდა, თუმცა მოგვიანებით გრიგოლ კობახიძის იგივე ჯორჯ კობის მინის კომპანიაში დაამზადეს გამჭვირვალე მინის ბოთლი, რომლის ოქროთი მოვარაყება, ოქროსფერი ზარნიშისა და ზონრის დამზადება ხელით ხდებოდა.

ძალიან მალე გიორგი მაჩაბლის გვირგვინები მთელს ამერიკას მოედო. 1935 წელს ნიუ იორკში მე-5 ავენიუზე მაჩაბელის კიდევ ერთი ელეგანტური სალონი უნდა გახსნილიყო, მაგრამ მოულოდნელად გიორგი მაჩაბელი ფილტვების ანთებით გარდაიცვალა.

ნორინა ჯილიმ სადემონსტრაციო სალონი გახსნა, სადაც გამოფენილი იყო გიორგის პორტრეტი სამეფო რეგალიებით, თავადის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ მისმა მეუღლემ გადაწყვიტა “პრინცი მაჩაბელი” გაეყიდა – გიორგი მაჩაბელის მემკვიდრეობა სუნამოების მწარმოებელმა სოლ გენცმა 250 ათას დოლარად იყიდა. ფირმა კონექტიკუტის შტატში დღესაც არსებობს, პროდუქცია მისი დამფუძნებლის სახელით და რეცეპტით ისევ გამოდის და საფირმო ნიშანიც იგივეა – ქართულჯვრიანი სამეფო ოქროს გვირგვინები.