16 მაისი, 2021

ნიკოლოზ რაჭველის ულამაზესი მიძღვნა

კომპოზიტორმა და დირიჟორმა ნიკოლოზ რაჭველმა ულამაზესი ნაწარმოები მიუძღვნა ებრაელ ხალხს. მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოები ადრე დაწერა, ისრაელში მიმდინარე მოვლენებს მაინც აქტიურად ეხმიანება:

“დღეს, როდესაც ისრაელში განსაცდელის ჟამი დგას მომინდა გავაზიარო ფრაგმენტი ჩემი ნაწარმოებიდან THE REST IS SILENCE, რომელიც ებრაელ ხალხს და ჰოლოკოსტის მსხვერპლთა სულებს მივუძღვენი. ეს ერთგვარი რეკვიემი უნიკალური ანიტასთვის დავწერე, რომელმაც პრემიერა ჯერ ლა სკალაში, შემდგომ კი თბილისის ოპერის თეატრში შეასრულა.

ეს მონაკვეთი 45 წუთიანი თხზულების მე-3 ნაწილია და “იავნანა” ჰქვია. საკონცენტრაციო ბანაკში სასიკვდილოდ განწირული დედა უკანასკნელად უმღერის თავის ჩვილს ისე, რომ არ აგრძნობინოს უზარმაზარი ტკივილი და აგონია, თუმცა სადღაც მაინც კარგავს კონტროლს, ცოტა ხნით… მაგრამ მშობლის მზრუნველი ემოცია საბოლოოდ განუზომელ შიშსაც ამარცხებს თითქოს…

ღმერთმა დაუმკვიდროს მშვიდობა ებრაელ ხალხს და სრულიად მსოფლიოს.”