7 მაისი, 2021

ბუბა ხოტივარის ყველაზე დიდი გამოცდა

კინორეჟისორმა რამაზ (ბუბა) ხოტივარმა 74-წლიანი ცხოვრების უდიდესი ნაწილი ქართულ კინოს მიუძღვნა. მას გადაღებული აქვს დოკუმენტური და მხატვრული ფილმები: “ისლამი საქართველოში”, “ლეხაიმ!”, “მარკოზის სახარება”, “ლაზარეს თავგადასავალი” ძმასთან – ქართლოს ხოტივართან ერთად, “დიმიტრი II”, “ჩირიკი და ჩიკოტელა”…

რეჟისორისთვის ყველაზე მთავარი გამოცდა მაინც ფილმ “ლაზარეს” გადაღება აღმოჩნდა. მისი ძმის ქართლოსის დაწყებული საქმე სრულიად ახალგაზრდასა და გამოუცდელს უნდა დაესრულებინა.

“ლაზარეს” გადაღებებს რეჟისორი განსაკუთრებული ემოციებით იხსენებდა:

“ჩემმა ძმამ წაიკითხა ესპანური ანონიმური მოთხრობა “ლასარილიო ტორმელესი” და გადაწყვიტა ფილმი გადაეღო. ამ მოთხრობას დაუმატა გოგლა ლეონიძის ერთ-ერთი მოთხრობა, მომზადდა სცენარი და დაიწყო გადაღებები. ფილმის მეორე რეჟისორი კი ვიყავი, მაგრამ მასზე დამოუკიდებლად მუშაობა თუ მომიწევდა, ვერასდროს წარმოვიდგენდი…

ფილმისთვის მთავარი პრობლემა აღმოჩნდა პატარა ბიჭის პოვნა – 10-11 წლის ცელქი, მოუსვენარი ბიჭი გვჭირდებოდა. ძალიან ბევრი ბავშვი გავსინჯეთ და საბოლოოდ როლზე დავამტკიცეთ ჩვენი მეგობრის, შესანიშნავი რეჟისორის მიშა კობახიძის შვილი გეგა.

ფილმის 25 პროცენტი გადაღებული იყო, როდესაც ჩვენ თავს უდიდესი ტრაგედია დატრიალდა და ამაზე საუბარი არ მინდა. მოკლედ, ქართლოსი ჩამოშორდა ფილმს, დამიბარა რეზო ჩხეიძემ და მითხრა, ფილმი შენ უნდა დაასრულოო. სასტიკ უარზე ვიყავი, მხატვრული ფილმი არ მქონდა გადაღებული. მერე რა, რომ ჩემი ძმის ფილმი იყო, მისი ჩანაფიქრი ხომ სრულად არ ვიცოდი?!

არ მომეშვა რეზო ჩხეიძე, მარწმუნებდა, რომ ყველაფერი გამომივიდოდა და მეც დავთანხმდი, მივხვდი, ეს იყო ჩემი ცხოვრების მთავარი გამოცდა, რომელიც აუცილებლად უნდა ჩამებარებინა. ფილმზე მუშაობა გავაგრძელეთ, დავასრულეთ და მაყურებელსაც წარვუდგინეთ. როგორი გამოვიდა და როგორ მიიღო მაყურებელმა, ეს უკვე თავად მათ უნდა ჰკითხოთ.”