ბესიკ ხარანაულის მიმართვა

მწერალი და პოეტი ბესიკ ხარანაული საჯარო მიმართვას ავრცელებს:

“ბედნიერი რიონის ხეობის მცველები

“ჩამოვიდნენ რიონის ხეობის მცველები და წავიდნენ.
დაცარიელდა ქალაქი.
ნაგავს სიამოვნების ჟრუანტელმა დაუარა,
მიაშურა კვლავ თავის სივრცეს,
დაიკავა თავისი ადგილი –
შეაკრთო სუფთა ჰაერმა, ხეობის სიომ ნესტოები დასწვა,
მაგრამ გადაიარა და დაგვრჩა ქალაქი კვლავაც ეშმა-ქაჯებს,
შეუხედავ, უშნო, უგულო ქალ-კაცებს.

არის დიდი დაღრეცილობა.
ვიცი, მოგვენატრებიან.
დარცხვენილი ვერ ვივლით.
აქ კი, ვჭამოთ, რასაც მივჩვეულვართ,
ვჭამოთ და არ გვეყოს,
წავიდეთ და ნესტოებმა უკან მოგვაბრუნოს.
კაცს სუფთა ჰაერი უფრო ენატრება, ვიდრე ქარი და ქარიშხალი,
სუფთა ჰაერს რომ ჩაისუნთქავ, არ გავიწყდება, თან გაეკიდები.
დარცხვენილი ვერ ვივლით!
სიმართლისგან მოჭრილი ხელი კაცს არ ეტკინება.
წავიდნენ რიონის ხეობის მცველები და დაცარიელდა ქალაქი.
მაგრამ ხომ დავრჩით!
ერთი კაცის პირით არ ვამბობ ამას, არამედ მრავალი ათასის.
ისტორია ყოველ წამს ახალია, ფეხს ვერ დაუდებ.
შენ კი, ურჩხულო!
უსახლკაროვ, უმიწაწყალოვ,
გამოდი, უნდა მე და შენ შევებათ,
სახელი არა გაქვს,
სახელს გაიკეთებ!
გამოეტიე მაგ კლდის ეხიდან,
განწირული მოგმართავს სიტყვას,
განწირული არ მოიქრთამება!
მე შეგებმები, ჩემი ხალხი იავარქმნილია,
ბებერი ვარ და სიცოცხლე ჩალად არ მიღირს,
გამოდი, ციცავ,
სახელს გაიკეთებ!
ჩემი ვეფხვი გვერდზე მიწოლილა,
წამოიწევს,წამოიმართება,
შენ კი გაქრი უკანა თათებზე…
წავიდნენ რიონის ხეობის მცველები
და ქალაქი დაცარიელდა.
ვიცი, მომენატრებიან,
დარცხვენილი ვერ ვივლი!
ჩემი ტანმოხატული ვეფხვები,
ბედნიერი რიონის ხეობის მცველები.”