13 აპრილი, 2021

უსამართლოდ დაჩაგრული ლეილა აბაშიძე

თეატრისა და კინოს მსახიობი ლეილა აბაშიძე ყოველთვის დიდი გულისტკივილით აღნიშნავდა, რომ უსამართლოდ დაჩაგრეს – წლების განმავლობაში საყვარელი საქმის გარეშე დატოვეს და გადასაღები მოედანი სანატრელი გაუხადეს.

მსახიობი პირველად კინოში 8 წლის ასაკში მოხვდა, როდესაც კატოს როლი ითამაშა “ქაჯანაში” და პროფესიის არჩევაზეც აღარ უფიქრია.

ლეილა აბაშიძე დიდი ხნის განმავლობაში თავის საყვარელ და გამორჩეულ როლად სწორედ კატოს ასახელებდა, თუმცა როცა მაია წყნეთელის როლი შეასრულა, ყველაზე ძვირფასი მისთვის სწორედ მათე ბიჭი გახდა.

მსახიობისთვის ფსიქოლოგიური და დრამატული როლები უფრო საინტერესო იყო, რადგან კომედიური როლები ადვილი სათამაში აღმოჩნდა, დრამაში კი გრძნობდა, რომ გადაღებებზე ბოლომდე იხარჯებოდა, იღლებოდა და ეს დაღლა უდიდეს სიამოვნებას გვრიდა.

ლეილა აბაშიძეს მიაჩნდა, რომ დრამატული მსახიობი იყო. ბევრი საოცნებო როლი ჰქონდა. შუშანიკის თამაში უნდოდა, მაგრამ არ დაიდგა. ქეთევან დედოფლის თამაში უნდოდა, მაგრამ ვერც ეს სურვილი აისრულა. ფუფალა უყვარდა და გამუდმებით კითხულობდა გიორგი ლეონიძის ამ ნაწარმოებს. მსახიობი იმასაც გულწრფელად აღიარებდა, რომ სოფიკო ჭიაურელის ფუფალა ძალიან მოსწონდა.

ფილმი “შეხვედრა წარსულთან” მისთვის აღმოჩნდა ის ნამუშევარი, რომელმაც არაერთი ჯილდო, პრემია და დიდი აღიარება მოუტანა, თუმცა ამავე დროს ეს გახდა ფილმი, რომელმაც მსახიობის ცხოვრებაში დიდი შემოქმედებითი პაუზა მოიტანა.

ლეილა აბაშიძე სინანულით ამბობდა, რომ ბევრი წელი უმოქმედოდ დაკარგა. მსახიობი არ მალავდა, რომ მას სამუშაოს არ აძლევდნენ, თუმცა ამის მიზეზი არ იცოდა.

აი, რაც შეეხება მაყურებლის სიყვარულს, აქ კი ნამდვილად გაუმართლა – ათასობით მაყურებლის სიყვარული ლეილა აბაშიძეს სიცოცხლის ბოლომდე არ მოკლებია:

“სულ მირეკავდნენ, წერილებს მწერდნენ, საჩუქრებს მიგზავნიდნენ, შეხვედრებს მიწყობდნენ. მაყურებლის სიყვარულს ყოველთვის ვგრძნობ. მსახიობისთვის კი ეს ყველაზე დიდი ჯილდო და ბედნიერებაა.”