14 აპრილი, 2021

სანდრო ახმეტელის განადგურებული არქივი

1937 წლის რეპრესიებს შეწირული რეჟისორის სანდრო ახმეტელის არქივი პირწმინდად არის განადგურებული. მის მიერ დადგმული სპექტაკლების არც ფოტოსურათები არსებობს და არც ვიდეოჩანაწერები – მხოლოდ “კინო ლენტაზე” ასახული ერთწუთიანი ნაწყვეტები რეჟისორის ნამუშევრებიდან.

ხელოვნებათმცოდნე ნოდარ პაპუაშვილმა ქალბატონი ჯანა ამირეჯიბის პირად არქივში დაცული უნიკალური ფოტო გაგვიზიარა, რომელიც 1930 წელსაა გადაღებული ქართული თეატრის საჯილადაო ქვის, სპექტაკლ ,,ლამარას” შემდეგ:

“ფოტოსურათები, რომლებიც ასახავდნენ ასე თუ ისე მის სპექტაკლებს, გამქრალია. ჩანაწერებიც აღარ არსებობს. ერთწუთიანი, მინიშნებასავით შემორჩენილი, ,,კინოლენტაზე” ასახული მისი სპექტაკლების კადრები ძვირფასია, მაგრამ რა არის იქ? ქართული ეთნოსის განუმეორებლობა, რითმის, რიტმის, პლასტიკის უჩვეულო ხედვა, მონუმენტალიზმი, გმირულ-ჰეროიკული, პოლიტიკური და ფსიქოლოგიური თეატრის მინიშნებები…

მხოლოდ ქართული და ეროვნული – ეს იყო მისი შემოქმედების კრედო… იმ გაგანია რეპრესიების დასაწყისში რომ შექმნა ,,ყაჩაღები” რა ეგონა, აპატიებდნენ? რატომ იყო დარწმუნებული, რომ სტალინი დაიცავდა, ფოტო რომ გამოფინა 1930 წლის ოლიმპიადის მერე, საბჭოთა კავშირში აკრედიტებული რეჟისორების, თეატრმცოდნეების, კულტურის მოღვაწეთა აღრფთოვანებული რეცენზიების მერე? თბილისი რომ დითირამბებს უძღვნიდა და არც უძღვნიდა, მსოფლიო თეატრალური ხელოვნების ათეულში რომ მოექცა ოცდაათიან წლებში, ამერიკა რომ ჰპატიჟებდა, ინგლისი, საფრანგეთი… და ჯვარცმად რომ ექცა საბჭოთა კავშირი?…სულ რაღაც ათიოდე თეატრალურ სეზონში რომ თქვა თავისი სათქმელი… და ეს არ აპატიეს, ისევ ქართული მენტალიტეტი ამოძრავდა, გაწირეს და გაიწირა…. რა ეგონა, ვინმე დაიცავდა? 200 დღეზე მეტი ებრძოდა სიკეთისა და ბოროტების დაპირისპირებას, საკანში ხერხემალგადამტვრეული კვლავ სიმართლეს მოუხმობდა და ვინ იყო განმკითხავი? უკან დარჩა ყველაფერი… დიდება, ოჯახი…

მეორე მეუღლე, რუსთაველის თეატრის პრიმადონა, რომელიც თავისი გაუაზრებელი შეცდომებით ნავთზე ცეცხლს ასხამდა, თუმცა რაღა არ გადაიტანა… მრავალჯერ გადასახლება და ერთადერთი ვაჟიშვილის ტრაგიკული სიკვდილი … და ბოლოს წიგნი “მხოლოდ ერთი სიცოცხლე” საზოგადოების შეხლა-შემოხლა რომ მოჰყვა!. და წიგნი, რომელიც სისხლისფერი თავსამკაულით იწყება!…

მიდის წლები, მკრთალდება ფოტოსურათებიც, მკრთალდება ის ეპოქაც, როცა ჭიდილში ტკივილი უფრო მეტი იყო, ვიდრე სიმართლე, მაგრამ თეატრმცონეების დიდი მცდელობის მიუხედავად, ისევ გასარკვევია ყველაფერი, რადგან რეალობა დოკუმენტისა, აღარ არსებობს… გადაშლილია ყველაფერი… ქართველებს ეს გვახასიათებს…
სულ ახლახან, ქ-ნმა ჯანა ამირეჯიბმა გამოაქვეყნა თავისი პირადი არქივიდან უნიკალური ფოტო, რომელიც 1930 წელსაა გადაღებული ქართული თეატრის საჯილადაო ქვის, სპექტაკლ ,,ლამარას” შემდეგ.

ასე გვასწავლიდნენ, რომ ეს ვაჟა ფშაველას მიხედვით იყო შექმნილი… სხვანაირად არ ეგებოდა მაშინ… როცა დიპლომი დავიცავი, ვახტანგ ბერიძემ, გაანათლოს ღმერთმა მისი სული, ბ-ნ ვასო კიკნაძეს (ჩვენი სულის მოოხება რომ იყო) ასე უთხრა: რას ერჩით ამ ყმაწვილს, ის თქვა, რაც ათწლეულების მერე არავის უთქვამსო) …

გრიგოლ რობაქიძე იყო მისი ავტორი…

რამდენი რამეა ჯერ კიდევ წინ, არავინ ვიცით… არც ის, იქნებ ერთ დღეს ვიღაცამ 1934 წლის ამიერკავკასიის ხალხთა ოლიმპიადის ,,კინო ლენტა” დადოს, სადაც მთელი ხუთი დღის მანძილზე 1934 წლის 1-5 ივნისს, რუსთაველის პროსპექტზე ამიერკავკასიის ხალხთა ოლიმპიადა იმართებოდა (ოპერის თეატრშიც) და მისი სულის ჩამდგმელი სანდრო ახმეტელი იყო! და წლების მანძილზე ყველა სოფლის კლუბებში ატრიალებდნენ ამ ფილმს… ახმეტელი მაშინ ყველა დელეგაციას ხვდებოდა და ეს კადრებში იყო ასახული…

და ისევ, ამ ფოტოს შესახებ: უნიკალური ფოტოა, როგორ დგანან მონაწილეები პირამიდაზე! სინათლის ბოძიც როა, მარცხნივ. ეს ირაკლი გამრეკელის დეკორაციიდან არის. ჩემთან ინახება რუსთაველის თეატრის 1930 წლის მინი ბუკლეტი, საიდანაც ძალიან კარგად დადგინდება ამ ფოტოზე მყოფთა იდენტიფიცირება. საუკუნის ფოტო, რომელიც ქ-ნმა ჯანა ამირეჯიბმა სიურპრიზად დაგვიდო სანდრო ახმეტელის 135 წლისთავისადმი… მადლობა, თქვენ.”