11 აპრილი, 2021

გურამ დოჩანაშვილის დაუვიწყარი ამბავი

82 წლის განმავლობაში მწერალ გურამ დოჩანაშვილის ცხოვრებაში არაერთი მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა. ვაჟა ფშაველას შთამომავალი – ლელა რაზიკაშვილი ერთ-ერთ მათგანს იხსენებს:

“იდგა მუზეუმის ეზოში, უყურებდა ქოხს და იღიმებოდა ბავშვივით და ტკბილად, ისე როგორც იცოდა. შემობრძანით, ბატონო გურამო, შეიპატიჟეს, მაგრამ უარი თქვა, ვაჟას ოთახში, მის ნაკვალევზე ვერ შევალო, არ ვარ ღირსიო…

არც ვაჟას სახელმწიფო პრემიის ღირსი ვარო ამბობდა, მაგრამ ეტყობოდა, რომ უხაროდა ძალიან, ვეღარ მალავდა!

რაღაცნაირი სიხარული და სიამაყე დამდევს იმ დღიდან, რაღაცნაირი კეთილი კმაყოფილებით ვიხსენებ, რომ ამ დღით მის გახარებაში წვლილი მაქვს. სულ რაღაც 20 წუთით ადრე შევასწარი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და ვაჟას პრემიაზე მისი წიგნები და კანდიდატურა შევიტანე, მთავრდებოდა საბუთების მიღება, ბოლო ვიყავი…

ისეთი მადლიერი იყო, ისეთი, თითქოს ჩემი ბრალი იყო იმ პრემიის და კიდევ ბევრად მეტის ღირსი რომ იყო!

ბოლოს დამირეკა, მე უსინდისოს აღარც კი მახსოვს შობას მილოცავდა, ახალ წელს თუ სხვა რამეს. ისევ აქეთ მადლობას რომ იხდიდა, ის მახსოვს მარტო!

ახლა მეჩვენება, რომ ის სიხარული, რაც მაშინ ხმაში ჰქონდა და დაუფარავად მიზიარებდა, მაჩუქა და სახსოვრად დამიტოვა. ეს საჩუქარი ჩემთან არის, აქ, გულში…”