4 აპრილი, 2021

გაუგონარი ვანდალიზმი ყვარელში

კახეთში, კერძოდ, ყვარელში გაუგონარი ვანდალიზმი ხორციელდება.

ინფორმაციას ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნოდარ ბახტაძე ავრცელებს:

“ისეთი ზეწოლა, მუქარა და სტრესი გადავიტანე გრემის ნაქალაქარზე, მთავარანგელოზთა ეკლესიის კომპლექსის მიდამოში მშენებლობის ოფიციალური ნებართვებით აღჭურვილ ბიზნესმენთაგან – არქეოლოგიურად გამოვლენილი ძეგლების განადგურებისგან დაცვისას (შორიახლოს მყოფი ძეგლთა დაცვის სამთავრობო უწყებების ხელმძღვანელებისგან და მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლისგან თვალის არიდების წყალობით), რომ ოჯახის წევრები მევედრებიან, დაივიწყე ეს საშინელი უკანონობანი, თავს გაუფრთხილდიო…

ვცადე, მაგრამ არ გამომდის – არანაკლები ვანდალიზმის შესახებ შევიტყე: ახლა უკვე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, ქალბატონ თეა წულუკიანს მივმართავ – SOS!!! SOS!!! SOS!!! ყვარლის მუნიციპალიტეტში, ყვარელი-თელავის გზატკეცილის და ილიას ტბის მიმდებარედ, დაჩქარებულად მიმდინარეობს სამების მთის დასახიჩრება – გარემო ლანდშაფტთან უნიკალურად შერწყმული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, მთის წვერზე გაშენებული ადრეული შუა საუკუნეების სამონასტრო კომპლექსის იერსახის სრული იგნორირებით! ანუ: ძეგლის ვიზუალური დაცვის ზონაში, კერძო ბიზნესის წარმომადგენელმა ბულდოზერებით და ექსკავატორებით უზარმაზარი ტყიანი ფერდობი მოანგრია და შექმნილ არაბუნებრივად დიდ ტერასაზე აშენებს მორიგ სასტუმრო კომპლექსს რესტორნებითურთ!

ამიერიდან, ალაზნის ველის გაღმა მხარიდან კახეთის ამ მხარის ვიზუალური დომინანტი, ტყიანი მთების ფერდობზე კოხტად შეყუჟული ნეკრესის ულამაზესი ანსამბლისა და სამების მთის წვერზე მდებარე სამონასტრო კომპლექსის ნაცვლად, აი, რაღაც ასეთი ურჩხული იქნება. რის სანახავადღა ვეპატიჟებით ტურისტებს? ამ ულამაზეს ეკლესიას, სხვა რომ არაფერი, ილია ჭავჭავაძე და მისი ოჯახის წევრები სტუმრობდნენ რეგულარულად – საგვარეულო სალოცავად მიიჩნევდნენ.

2009 წელს, მონასტერში არქეოლოგიური კვლევა საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეგიდით ჩვენ ჩავატარეთ (შედეგები გამოქვეყნებულია), შემდეგ კი გაცილებით გონიერმა ბიზნესმენმა რეაბილიტაცია საკუთარი სახსრებით ჩაუტარა. ახლა კი სრულ იგნორირებას ვხედავთ, ვითომც საკუთარ ყანაში არიან – რის ეკლესია, რა მონასტერიო…

კვლავ და კვლავ, მერამდენეჯერ ვკითხულობ: ვინ გაყიდა სამების მთა? ვინ გასცა ბუნებისა და კულტურული მემკვიდრეობის სიმბიოზის ამ უნიკალური ძეგლის ასე ვანდალურად დამამახინჯებელი მშენებლობის ნებართვები და თანხმობები?

ეს აბსოლუტურად იგივეა, მცხეთის ჯვრის მონასტრის წინ, მცხეთის მხარის ფერდობზე რომ ააშენონ სასტუმრო და რესტორანი. ამაზე თანხმობის გამცემ პიროვნებებს ან სამსახურეობრივ პროფესიონალიზმთან და კულტურასთან აქვთ სერიოზული პრობლემები, ან სინდისთან!

P.S. ალბათ ისედაც მიხვდით: მცხეთის ჯვრის ფოტო და წინ ჩამოფარებული ვირტუალური შენობა (ისევე, როგორც სამების მთის უკვე მოშანდაკებულ პლატფორმაზე მდგარი მაღლივი სასტუმრო), მადლობა ღმერთს, ჯერჯერობით ამ ვანდალური მოქმედების სიმბოლოდ წარმოგიდგინეთ. თუმცა, დამერწმუნეთ, ორივეგან აბსოლუტურად იდენტურ ბარბაროსობასთან გვაქვს საქმე!”