25 მარტი, 2021

ტორესა მოსის პროტესტი

მწერალი ტორესა მოსი პროტესტს საჯაროდ აცხადებს და განმარტავს, რომ კულტურის სამინისტროსთან არანაირი ფორმით თანამშრომლობას არ აპირებს:

“ამასობაში გამოგვრჩა ერთი ამბავი, თეა წულუკიანი უკვე მართლა დაინიშნა კულტურის მინისტრად. ამასთან დაკავშირებით მე მაქვს ასეთი პოზიცია: მე არ ვაპირებ ვითანამშრომლო კულტურის სამინისტროსთან რაიმე ფორმით.

მათ შორის, არ ვაპირებ მივიღო მონაწილეობა პროექტებში, რომელსაც კულტურის სამინისტრო აფინანსებს. მათ შორის უარს ვამბობ მთარგმნელობით პროგრამაზეც. ნებისმიერ თარგმანს ან საკუთარი ჯიბიდან დავაფინანსებ და თუ ვერ დავაფინანსებ, სულ ნუ ითარგმნება. ასევე უარს ვიტყვი ყველა იმ ლიტერატურულ პრემიაზე ჩემი წიგნის წარდგენაზე, რომელიც რამე ფორმით იქნება დაფინანსებული კულტურის სამინისტროსგან.
ზოგადად, დიდად არც აქამდე მიმიღია განსაკუთრებული ბენეფიტები, მაგრამ ასეთი ხისტი მიდგომაც არ მქონია. ორი რამეა მნიშვნელოვანი:

1. თუ სახელმწიფო ხარჯავს კულტურის რაიმე მიმართულებით გადასახადების გადამხდელების ფულს, ის უნდა იყოს მიმართული თავად ამ გადასახადის გადამხდელებისთვის სანაცვლო სიკეთის მოტანაზე. სწორედ ამას უნდა უზრუნველყოფდეს კულტურის პოლიტიკა. ჩვენ შემთხვევაში, მიმაჩნია, რომ კულტურის პოლიტიკის ამოცანა უნდა იყოს ქვეყნის ცნობადობის გაზრდა, ანუ ისეთი პროექტების დაფინანსება, რომელიც მიმართული იქნება ქართული ხელოვნების რაც შეიძლება ფართოდ გატანისკენ. ამას შეიძლება ჰქონდეს ორი დადებითი ეფექტი: გაზარდოს ტურისტული ნაკადი, შექმნას ქვეყნის დადებითი იმიჯი, რამაც შეიძლება გარკვეული დახმარება გაუწიოს ქვეყანას ინვესტიციების მოზიდვაში (პირდაპირი ეკონომიკური სარგებელი) და ამავდროულად საქართველოს მიმართ გაზარდოს ლოიალობა სხვა ქვეყნების მოქალაქეებში, რაც ასევე შეიძლება იყოს ეროვნული უსაფრთხოების გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილი. ყველა სხვა შემთხვევაში, ნებისმიერი სხვა მიზნით კულტურის მიმართულებით გადასახადის გადამხდელების ფულის დახარჯვა, მიმაჩნია, რომ არის ამორალური. საქართველოში, სამწუხაროდ, კულტურის პოლიტიკა უფრო ხშირად და დიდწილად გამოყენებული იყო შიდა პოლიტიკური მიზნებისთვის და ძალიან მცირედ ზემოთ აღწერილი მიზნებისთვის, რაც თეა წულუკიანის პირობებში, ჩემი აზრით, კიდევ უფრო გაძლიერდება.

2. ასევე ამორალურად მიმაჩნია გქონდეს ადამიანთან სრული პერსონალური მიუღებლობა და ამავდროულად პირადი გამორჩენისთვის ამ ადამიანთან გქონდეს ურთიერთობა. მე ბევრი ცუდი რამ მითქვამს თეა წულუკიანის შესახებ, მასზე ძალიან ცუდი აზრის ვარ და ვერ წარმომიდგენია ჩვენი შეხვედრა ისე, რომ ეს პირისპირ საუბარში არ გაჟღერდეს. ამიტომ, საკუთარ თავთან მართალი რომ ვიყო, ვფიქრობ, არანაირი საერთო არ უნდა მქონდეს იმ უწყებასთან, რომელსაც ეს ადამიანი უდგას სათავეში.

სწორედ ამიტომ, მე დავწერ წიგნებსაც, მუსიკასაც და ამ ყველაფერს მოვიტან თქვენამდე ისე, როგორც ამას შევძლებ საკუთარი რესურსით. მე მწერლად და მუსიკოსად მაქცევს არა სახელმწიფო ბიუროკრატია და ჩინოვნიკები, არამედ მკითხველი და მსმენელი. ესაა და ეს რისი თქმაც მსურდა ამ თემაზე.”