8 მარტი, 2021

ლია ლიქოკელის უმნიშვნელოვანესი წერილი

მწერალი ლია ლიქოკელი უმნიშვნელოვანეს წერილს აქვეყნებს და თითოეულ გოგონას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რჩევებს აძლევს:

“მინდოდა მომეყოლა პატარა გოგოზე, რომელსაც ასწავლიდნენ, როგორ იყოს ჩუმი, შეუმჩნეველი, მოკრძალებული და კომფორტული.

გოგოზე, რომელმაც ძალიან ადრე გაიგო, სადაა მისი ადგილი და რა უნდა გააკეთოს, რომ იცოცხლოს.
ასწავლიდნენ, როგორ იყოს მზრუნველი, მშრომელი და თავგადადებული, და პასუხად არაფერი მოითხოვოს.
იყოს მომთმენი და მადლიერი, და ყოველდღე ივარჯიშოს ჩაგვრისა თუ საკუთარი სურვილების მოთმენაში.
ასწავლიდნენ, რომ თავისუფალია, მაგრამ სახლიდან არ უნდა გავიდეს.

ასწავლიდნენ, როგორ ჩაიცვას დიდი ჯემპრები, მუხლსქვემოთ კაბები და განიერი პერანგები, რომ კარგად დამალოს სხეული და იაროს თვალდახრილმა, რომ არავინ გამოიწვიოს.
ასწავლიდნენ, როგორ ეშინოდეს, და არასოდეს დაავიწყდეს, რომ ყველაფერი საშიშია,
ტყე სავსეა ველური მხეცებით და მასზე მონადირეებით, და გადარჩენისთვის უნდა იცოდეს კარგად დამალვა და კარგად გაჩუმება.

ასწავლიდნენ, რომ შეუძლია იტიროს და იყვიროს, მაგრამ ჩუმად, რომ არავინ შეაწუხოს.
შეუძლია ჰქონდეს გრძნობები, მაგრამ აჯობებს, თავისთვის შეინახოს.
შეუძლია ილაპარაკოს, მაგრამ არა ყველაფერზე, და მხოლოდ ხმადაბლა, და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ნებას დართავენ.
შეუძლია ჰყავდეს მეგობრები, მაგრამ – „წესიერი“ მეგობრები.
შეუძლია შეუყვარდეს, მაგრამ ისე, როგორც წესია, ის, ვინც წესია და როცა წესია.
შეუძლია ჰქონდეს სურვილები, მხოლოდ – სწორი და საჭირო სურვილები.
და შეუძლია ზოგჯერ გაბრაზდეს, მაგრამ მხოლოდ საკუთარ თავზე,
და შეუძლია ჰქონდეს ცოდნა, მაგრამ ღმერთმა დაიფაროს თავდაჯერებისგან.
და ასწავლიდნენ, რომ სირცხვილია.

ყველაფერი სირცხვილია, რაც წესებში არ ჯდება და თუ დაარღვევს, გახდება სამარცხვინო, და გახდება შემარცხვენელი, და ამისთვის პასუხს აგებს –
დიდხანს, ბეჯითად ასწავლიდნენ, რომ არასოდეს დაავიწყდეს – პირველ რიგში სხვებს ეკუთვნის, და მხოლოდ მერე – საკუთარ თავს.

ჰო, ყველაფერს მასწავლიდნენ, და ყოველ ჯერზე, როცა ვარღვევდი, კისერთან ვგრძნობდი იმ საშიშ სუნთქვას, რომელსაც შეუძლია, შენი სხეული მიწას ამოაფაროს, ან რომელიმე მდინარეს გაატანოს, და ყველა კედელზე გამოაკრას შენი სახელი, ყველას დასანახად და სამუდამოდ შესარცხვენად.

და საშიშად სუნთქავდნენ ხოლმე ისინიც, ვისი იმედიც მქონდა, მეგონა, ვუყვარდი და ყოველთვის დამიცავდა.
მათაც ასწავლეს. კარგად ასწავლეს, და მხოლოდ ასე იცოდნენ გადარჩენა.

პირიქით ქენით, გოგოებო, პირიქით.

8 მარტს გილოცავთ.”