19 მარტი, 2021

კანდიდ ჩარკვიანის გადარჩენილი ლადო გუდიაშვილი

ალბათ ბევრმა არ იცის, რომ მხატვარი ლადო გუდიაშვილი იყო ავტორი დოინჯშემორტყმული ქალისა, რომელიც სიგარეტ “საქართველოს” კოლოფზე იყო დაბეჭდილი.

კანდიდ ჩარკვიანი ლადო გუდიაშვილისა და სტალინის ისტორიას თავის მოგონებებში იხსენებდა:

„სტალინი მარტო „გერცოგოვინა ფლორის“ მარკის პაპიროსს სწევდა. ზოგჯერ ორ ცალ პაპიროსს თამბაქოთი დატენილ ნაწილს მოაგლეჯდა და თითით ჩატენიდა ჩიბუხში, რომლის მოწევაც დროდადრო მოეხალისებოდა, მაგრამ მაგიდაზე უცბად ჩვენი ფაბრიკის პაპიროსი გაჩნდა.

მას „საქართველო“ ერქვა და კოლოფზე დოინჯშემორტყმული ქალი ეხატა. ქალის პოზა და მთელი სხეულის ნაკვთები საკმაოდ გამომწვევი შტრიხებით იყო შესრულებული. ჩანდა, რომ პაპიროსის კოლოფი მაგიდაზე რომელიღაც სტუმარმა დადო.

სტალინმა კოლოფი აიღო, ყოველი მხრიდან დაათვალიერა და განსაკუთრებით ქალის ფიგურას დააკვირდა.

– საოცარია, განა ასეთი ქუჩური ილეთები უნდა მივაწეროთ ქართველ ქალს, რომელიც კდემამოსილებით არის განთქმული? სად ნახეთ ასე დოინჯშემოყრილი წესიერი ქალი? თუ მხატვრები არ გივარგათ, უნდა სხვები მოიწვიოთ, ასეთი უხამსობა კი არ უნდა ვრცელდებოდეს.

– მხატვრები კი გვყავს, ამხანაგო სტალინ, მაგრამ ჩვენ ეს სურათი არ შეგვიმჩნევია.

– ეტიკეტი ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო მხატვრის, გუდიაშვილის ნამუშევარია, – „შემაშველა“ სიტყვა პეტრე შარიამ, – მაგრამ, როგორც ჩანს, სურათი ვერ გამოუვიდა.

– სადაური გუდიაშვილი?

– მთიულია, – ვუპასუხე, – ნიჭი და განათლება არ აკლია, რამდენიმე წელიწადი პარიზში დასახელოვნებლად გაატარა.

– სწორედ ამაშია უბედურება. პარიზში წავლენ, უხეირო ხერხებს გადმოიღებენ, რაც კარგია, იმას კი არ შეისწავლიან.

– ამ მარკას, ამხანაგო სტალინ, სულ აღარ გამოვუშვებთ, პაპიროსს „საქართველო“ რად უნდა ეწეროს, ეტიკეტებს კი მეტ ყურადღებას მივაქცევთ, – აღვუთქვი ამხანაგ სტალინს და შევეცადე ამ საგანზე ლაპარაკი ამით დაგვემთავრებინა.

საქმე ის არის, რომ მაშინ ჯერ კიდევ არ იყო დამცხრალი კომუნისტების ერთი ნაწილის აღშფოთება იმის გამო, რომ ლადო გუდიაშვილმა კათალიკოსის შეკვეთით ქაშვეთის ეკლესიაში ღვთისმშობლის ფრესკა დახატა. პეტრე შარიას გულახდილობა რომ ვიცოდი, მას შეეძლო თავისი „ინფორმაციისათვის“ ეს ამბავიც მიეყოლებინა. სტალინს ამ ფაქტისათვის იქნებ ყურადღებაც არ მიექცია, მაგრამ არც ის იყო გამორიცხული, რომ საქმე გართულებულიყო.”