10 თებერვალი, 2021

სანდრო მრევლიშვილის ცხოვრების საბედისწერო ფინალური დღე

რეჟისორ სანდრო მრევლიშვილისთვის ცხოვრების ფინალური დღე ყველაზე საბედისწერო აღმოჩნდა. ის და მისი მეუღლე მანანა ჭელიძე 10 წუთის ინტერვალით გარდაიცვალნენ.

რეჟისორი 80 წლის იუბილეზე უმცროსმა კოლეგამ დიმიტრი ხვთისიაშვილმა გაიხსენა:

“ქართული თეატრის ისტორია ბევრი რეჟისორის სახელს ინახავს, მათ შორის, ძალიან მომრავლდა უსამართლოდ მივიწყებულთა სახელები, რომლებმაც არა მარტო კვალი დატოვეს ამა თუ იმ თეატრისა თუ თეატრალური ინსტიტუტის ცხოვრებაში, არამედ ხშირ შემთხვევაში სეზონების მანძილზე სწორედ ასეთი რეჟისორების ავტორიტეტზე და ნიჭიერებაზე იდგა ეს თეატრები. მაგალითისთვის დიმიტრი ალექსიძის, ვასილ ყუშიტაშვილის, არჩილ ჩხარტიშვილის, ალექსანდრე თაყაიშვილის, სერგო ჭელიძის, შოთა აღსაბაძის, აკაკი დვალიშვილის და მრავალ სხვათა გახსენება იკმარებდა, თუმცა ეს სხვა წერილის თემაა.

დღეს კი, მინდა მოვიგონო ჩვენგან სულ ახლახანს წასული რეჟისორი, სანდრო მრევლიშვილი, რომელსაც სწორედ დღეს 80 წელი შეუსრულდებოდა.

მუდამ მაძიებელი, მუდამ ახალგაზრდული – როგორც შინაგანად, ისე გარეგნულად… ჩხირკედელა, მეოცნებე, დაუცხრომელი… მრავალი ეპითეტის მოშველიება შეიძლება მის დასახასიათებლად.

მეტეხის თეატრის იდეა – პრაქტიკულად პირველი იყო საბჭოთა საქართველოში. ექსპერიმენტი, რომელიც ამ თეატრის არსში ჩადო, გაჰყვა სიცოცხლის ბოლომდე. მიუხედავად იმისა, რომ კარგი სეზონები ჰქონდა სოხუმში, მარჯანიშვილის თეატრში დადგმულ „შუშანიკს“ ვერიკო ანჯაფარიძის მონაწილეობით დიდი გამოხმაურება ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ და მალიკო მრევლიშვილების შთამომავალს უპრობლემოდ გაეხსნებოდა გზა ნებისმიერი აკადემიური თეატრისაკენ, მან ცხოვრების მთავარ მიზნად სწორედ ექსპერიმენტი აირჩია და დარჩა კიდეც გამოუსწორებელ ოპტიმისტად სიცოცხლის ბოლომდე. მისი უკვე ავადმყოფობის პერიოდში დადგმული სპექტაკლი გალაკტიონზე – „უსაზღვრობა დროთა“ ამის ნათელი დადასტურება იყო.

ხოლო მისი ცხოვრების ფინალური დღე, როგორც ის „გაითამაშეს“ შეყვარებულმა წყვილმა – სანდროსა და ქალბატონი მანანა ჭელიძის მონაწილეობით – იყო სიკვდილზე გამარჯვების დიდი რიტუალი.

პირადად მე, ხშირად გადავიკვეთე მასთან. სპექტაკლი დავდგი მის სახლში ძველ უბანში, მის გლობუსში… იყო სტუდენტური გაცვლები, იყო დიდი ურთიერთპატივისცემა, თუმცა ამაზე ოდესმე დავწერ…

დღეს კი მინდა საზოგადოებას გავახსენო სანდრო მრევლიშვილი, რომელმაც ისე იცხოვრა, რომ არ დაბერდა, რომელიც ცდილობდა სიცოცხლის ბოლო დღემდე მხოლოდ ახალგაზრდებთან ურთიერთობით ესაზრდოვა…

მინდა მას მივულოცო იუბილე და ისიც, რომ ამიერიდან თბილისში მისი სახელობის თეატრი არსებობს.”