1 თებერვალი, 2021

ლექსები ბებიაზე

ნოდარ დუმბაძე – ბებო
ბებომ იმდენი მაშინა
მოვა და შეგჭამს ბუაო
მე მგონი თვითონ შეშინდა
და წნევამ გააბრუაო.
ნუ გეშინია ბებიკო
მაგას ვასწავლი ჭკუასო
და შენი შეშინებისთვის
მე თვითონ შევჭამ ბუასო.

 

მაყვალა მრევლიშვილი – ნუღარ დამიბერდები

მე რომ მიყვარს მოფერება
შენი თეთრი თმებია.
ნუღარ დამიბერდები,
ჩემო ტკბილო ბებია.

მოფუსფუსე ხელები
მუდამ მენანებიან.
მუშაობით ნუ დაღლი,
ჩემო ტკბილო ბებია.

მეტი საქმე მოგვეცი
შენს საყვარელ პატარებს.
თორემ, ჩემო კეთილო,
ცივ ნიავს არ გვაკარებ.

ჩვენ რომ გვიყვარს მოფერება
შენი თეთრი თმებია.
ნუღარ დაგვიბერდები,
ჩვენო ტკბილო ბებია.

 

გიორგი ქუჩიშვილი – ციალას წერილი
ძვირფასო და სანატრელო,
საყვარელო ბები!
დაგკოცნი და დამიკოცნე
ყველა ნაცნობები.
ბები, ჩემო ტკბილო ბები,
აგრემც გენაცვლები!
მე ცალკე გამომიგზავნე
თეთრი ჩურჩხელები!
სხვა ხილიც არ დაივიწყო:
კომში, ვაშლი, მსხლები,
ჩამიჩი და ლეღვის ჩირი,
თხილი და კაკლები!
აბა, სხვა რაღა მოგწერო,
ჩემო კარგო ბები!
გთხოვ, მალე გამომიგზავნო
რასაც გეხვეწები!
ბები, დედას გეფიცები
მუდამ გეყვარები
ოქროს სათვალეს გიყიდი,
როცა გავიზრდები!
ანა კალანდაძე – ბებია
ვჭვრეტ სიყვარულით
შენს დაღარულ სახეს დიდებულს,
ერთ დროს ვნებიანს…
შენი ოთახი ჰგავს ბიბლიურ ნოეს კიდობანს
და მას ყორნები თავს ევლებიან…
მე ვგრძნობ,
ტალღები ამ კიდობანს როგორ არყევენ,
ჩემო ბებია!..
რად სევდიანნი შენს სარკმელთან დგანან არყები?
კაეშანი დაუფლებიათ?
ისას შემვედრე, გარდამსახე პირჯვარი შენი,
მო,დამიამე, მითხარ, მიამბე კაეშნით მოცულს
და ობლად შთენილს
დამიყვავე და მომეფერე, ჩემო ბებია:
მე შხამი მასვეს…
ხედავ,
გუნდ-გუნდად
ყვავ-ყორნები თავს მევლებიან?
მგლოვობენ ასე!
ვჭვრეტ სიყვარულით
შენს დაღარულ სახეს დიდებულს,
ოდეს ვნებიანს…
შენი ოთახი ძველს, ბიბლიურ ნოეს კიდობანს
შენ არ გაგონებს?
მე რა მაღონებს?
გეტყვი, ბებია!
ელიზბარ გაბუნია – ჩემო ბებო ლამაზო!
ჩემო ბებო ლამაზო!
დღეს მე დასაძინებლად
ჩემს დედიკოს მივყვები;
გაგებუტე, ბებია,
ზღაპარს რომ არ მიყვები.
კარგი, ნუ გაბრაზდები,
ბებო, იცი, გპირდები:
დღეს ხომ გაბუტული ვარ?! –
ხვალე შეგირიგდები.
ახლა გინდა მაკოცო?
ესე იგი, არ ბრაზობ?
კარგი, მაშინ, შევრიგდეთ,
ჩემო ბებო ლამაზო!
მოდი, ჯერ შეგიმშრალო
ცრემლიანი ლოყები…
ბებო, ბებო, მითხარი,-
რომელ ზღაპარს მოყვები?
ელიზბარ გაბუნია – ბებო
ძაან გავაბრაზე,
ბებო, ამას წინათ.
მაინც, მეფერება,
მეხუტება თბილად.
ხან კი, მიბრაზდება,
მაგრამ უფრო ხშირად;
მლოცავს, მლოცავს, მლოცავს,
მკოცნის, მკოცნის ტკბილად.
კუკური გოგიაშვილი – ბებია და შვილიშვილი
ბებო მალხაზს აძინებს და
ტკბილად უმღერს ნანას:
– გაიზარდე, ასახელე
ბებო, დედა, მამა.
ჩემო ჩიტო, ჩემო გვრიტო,
ნანა, ვარდო, ნანა…
ნუ მაწვალებ, დაიძინე,
არ გიყვარვარ, განა?
მალხაზს სულ არ ეძინება,
ბებოს უთვალთვალებს,
ხან ადგება, ხან დაჯდება,
აბრიალებს თვალებს.
რა ჰქნას ბებომ, მალხაზს თავი
როგორ მიანებოს?
და ბიჭუნას ნაცვლად იქვე
ჩაეძინა ბებოს.
მაშ რა ექნა მოხუც ბებოს,
ძლიერ დაიღალა,
ჩუმად უმღერს შვილიშვილი:
– ნანა, ბებო, ნანა!

 

ალექსანდრე აბაშელი – ბებიაჩემი

ბებიაჩემი მოკვდა ზუსტად ოთხმოცი წლისა
და მთელი ეს დრო მოანდომა წვრილმან საქმეებს,
დასდევდა მუდამ ჩალის ჯოხით ქათმის წიწილსა
და ყოველ შაბათს ნაკვერცხალზე ჰყრიდა საკმეველს.
უვლიდა ბოსტანს და ეზოში რგავდა ხეხილებს,
ეჯავრებოდა მწვანე შტოზე ფითრი და ხავსი
ახალუხისთვის საუცხოოდ სკვნიდა გრეხილებს,
ამბობდა ზღაპრებს მაღალ კოშკის მზეთუნახავზე.
ერიდებოდა მეზობლის ქალს, ანჩხლს და კაპასსა,
თავის ეზო-კარს იშვიათად მოშორდებოდა.
კაკლის ზანდუკში ინახავდა ფარჩის კაბასა
რომ თეთრ კუბოში ჯვარისწერა მოჰგონებოდა.
ერთხელ გაჰყიდა ასი კვერცხი ცამეტ შაურად
და ექვსი წყვილი სეფისკვერი მღვდელს ჩააბარა
დაბრუნდა სახლში წიწილებთან გაიხმაურა,
დაწვა და ტკბილად დაიძინა…და არ ამდგარა.
ალბათ ყოველთვის სანატრელად მემახსოვრება
მიწის ის კუთხე სად ბავშვობა ჩემი დავყავი,
სადაც ჰყვაოდა უდარდელი ჩემი ცხოვრება
შემდგომთა დროთა სიბრძნის ჟანგით დაუნჟაგავი.
და ვფიქრობ ახლა, არ დავეძებ დიდრონ საქმეებს
იქნება ჯობდეს ჩამოვწიო ქუდი ყურებზე!
ხანდახან ჩულად ნაკვერცხალზე დავყრი საკმეველს,
რომ ვიოცნებო ზღაპრულ კოშკის საფეხურებზე.
რა საჭიროა გადავაკვდე ურჩ მოკამათეს,
მჭამოს ათასმა თეორიამ და დებულებამ
როცა მზე ჩემთვის მხოლოდ ერთი წუთით ანათებს,
და სხვა სიცოცხლე მიწის გარეთ არ მეგულება!
რად ჩავიმწარო დარჩენილი წელი ორიოდ
ვიდრე მიხმობდეს ცხონებული ჩემი ბებია?
ოთხმოცი წელი გაატარა უთეორიოდ
და მისი ბედი ვიტყვი ბევრჯერ შემხარბებია!