12 თებერვალი, 2021

ერეკლე მეფის ამბავი ექვთიმე თაყაიშვილისგან

საქართველოს ერთ-ერთი უძლიერესი მეფის – ერეკლე მეორის შესახებ თითქმის ყველა ისტორია კარგად არის ცნობილი, თუმცა ექვთიმე თაყაიშვილის არქივში ინახება ამბავი, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის უცნობია:

“ერთხელ მეფე ერეკლე ჯარით ჯავახეთის მთაზე მიდიოდა და დაინახა მახლობლად დიდი ჯოგი და ცხვრის ფარა. ბრძანა, რომ ძროხები და ცხვრები ეყიდათ და ჯარისათვის სადილი დაემზადებინათ.

მეჯოგემ უარი თქვა გაყიდვაზედ. ,,მე მეფეს არაფერს მივყიდიო და თუ გამაბედნიერებს თავის მობრძანებით ჯარიანა და ჩემს პურ-მარილს იკადრებსო, შესაფერისად ვემსახურებიო.

ერეკლეს მოახსენეს მწყემსის – ,,ჯავახის” პასუხი და მიიღო სიამოვნებით მისი პურ-მარილი. მწყემსმა, გვარად ზურაშვილმა, დაკლა მრავალი ძროხა და ცხვარი და გაუმასპინძლდა მეფეს.

ერეკლემ უბრძანა მდივანს, სიგელი დაეწერა. დაუძახეს მწყემსს და წაუკითხეს სიგელი მეფის წყალობისა, რომელიც მწყემსმა დაჩოქებით მოისმინა. ამ სიგელით მეფემ უბოძა მწყემსს აზნაურობა.

მწყემსმა იფიქრა: ,,ცარიელი აზნაურობა რად მინდა, ეს მთა რომ ებოძა კიდევ, კარგი იქნებოდაო” და მოახსენა:
მეფეო, მწყემსის ცხოვრება სუყველამ იცის მთა არის,
შვიდი ათასი ცხვარი მყავს, ექვსი ათასი თხა არის;
შვიდასი ძროხა მეწველი, ხარი-კამეჩი სხვა არის,
მე ესე სარჩო მეყოფის, აზნაურობა რა არის!

ერეკლე მიხვდა, რომ მწყემსი მთასაც თხოულობდა და უბრძანა მდივანს, ესეც ჩაეწერა სიგელში: “ჯავახი არის, ბრიყვობსო, ეს მთაც მაგისი იყოსო”.