15 თებერვალი, 2021

ამბავი, რომელმაც ნოდარ დუმბაძის სიკვდილი დააჩქარა

მწერალი ნოდარ დუმბაძე 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი სიკვდილი დააჩქარა ამბავმა, რომელიც ეკა სალაღაიამ გაიხსენა:

“ერთ-ერთ ინტერვიუში ედუარდ შევარდნაძე წერს: მეგობრების ძალიან ვიწრო წრე მყავს და მათ შორის ერთ-ერთი, ნოდარ დუმბაძეაო. სხვათა შორის, შევარდნაძესთან მეგობრობის გამო, ქართველი ინტელიგენციის შევარდნაძისადმი უარყოფითად განწყობილი ნაწილი ნოდარს კიცხავდა. ამ ორ ადამიანს გურული იუმორი აკავშირებდა. თუმცა, უნდა ვთქვა, რომ შევარდნაძემ იგი სიკვდილს გადაარჩინა. კერძოდ, მეორე ინფარქტის დროს, რომელიც მას გულრიფშში დაემართა და სოხუმის საავადმყოფოში იწვა, კრემლიდან ჩამოუყვანა ექიმთა ჯგუფი, რომლებმაც ნოდარი გადაარჩინეს. ასე უმეგობრა მან.

დედა ენის ძეგლის დადგმა ნოდარის რჩევით მოხდა. ედუარდ შევარდნაძის ცეკას მდივნობის პერიოდში, ასეთი მაგალითი არაერთია. თუმცა, ბოლოს მათ შორის გათიშვა მოხდა.

ახალგაზრდების მიერ 1984 წელს თვითმფრინავის გატაცებასთან დაკავშირებით. როდესაც დაისვა ამ ბიჭების შეწყალების საკითხი, მაშინ ქართული ინტელიგენცია ორ ნაწილად გაიყო. ერთი ნაწილი ამართლებდა, მეორე და დიდი ნაწილი შევარდნაძეს ადანაშაულებდა და მოითხოვდა, რომ ამ ბიჭებისთვის დახვრეტის მუხლი მოეხსნათ.

შედგა მხარდამჭერთა სია. ეს სია უკვე სასიკვდილო სარეცელზე მყოფ ნოდარსაც მიუტანეს. ამ დროს ლეჩკომბინატში ნოდართან ერთად შევარდნაძის ძმაც იწვა სამკურნალოდ. როდესაც ედუარდი ძმის მოსანახულებლად დადიოდა, ნოდართანაც შეივლიდა ხოლმე. მაგრამ, როცა ნოდარმა აღნიშნულ სიას თავისი ხელისმოწერა შემატა, ედუარდს ის აღარ მოუნახულებია. ამას ნოდარი განიცდიდა, თუმცა ხელმოწერას არ ნანობდა. რა თქმა უნდა, ის უკვე განწირული იყო სასიკვდილოდ, მაგრამ, შეიძლება ითქვას, ამ ამბავმა დააჩქარა ნოდარის აღსასრული.

ნოდარის დამ, ლეილამ, რომელიც კარდიოლოგია, მიამბო: სიკვდილის წინ ნოდარს წაუმღერია „ხომ დაგამარცხე, სიკვდილო…” საქმე ისაა, რომ როდესაც ამ სიტყვებს მღეროდა, მონიტორზე მისი გული უკვე გაჩერებული იყო.”