30 იანვარი, 2021

ვერიკო ანჯაფარიძისა და ვასო გოძიაშვილის ამბავი

ქართული თეატრისა და კინოს ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლების ვერიკო ანჯაფარიძისა და ვასო გოძიაშვილის გარდაცვალების დღეს რეჟისორმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა საინტერესო ამბები გაიხსენა:

“სევდიან მოგონებათა ციკლიდან!!!

1976 წლის თებერვლის პირველი რიცხვები იყო, დედაჩემმა რაღაც საქმეზე წამიყოლა წერეთლის გამზირზე. 7 წლის ვიყავი მაშინ. ჯერ თეატრი ჩემს ცნობიერებაში პრაქტიკულად არც იყო შემოსული. 2 სპექტაკლი მქონდა ნანახი “ხანუმა” და “ძველი ვოდევილები”.

ჰო, კიდევ მარჯანიშვილის თეატრში “იქნებ ბავშვები ფრინველებს ჰგვანან”, ოპერაში “ამაო სიფრთხილე” და “ქეთო და კოტე”… თუმცა იმ ორმა სპექტაკლმა ყველა სხვა შთაბეჭდილება წაშალა.

…ჰოდა, გამოვდივართ წერეთლის გამზირზე იმ საქმიდან, სახლში უნდა წამოვსულიყავით და რას ვხედავ – უზარმაზარი პროცესია მოემართება დიდუბის პანთეონისაკენ. იმ მომენტში იქ ახლო-მახლო პანთეონი თუ იყო, ისიც არ ვიცოდი და გარდაცვლილიც პირველად დავინახე, თუმცა ხალხის რაოდენობამ და ყვავილების ზღვამ გამაოცა ისე, რომ აგერ მეექვსე ათეულში გადასულს, გუშინდელ დღესავით მახსოვს ის დღე.

დედას ვკითხე – აქ რა ხდება მეთქი? დედაჩემმა შეძლებისდაგვარად ამიხსნა, რომ აი, “ძველი ვოდევილები” რომ ნახე და ის ლამპიანი კაცი მოგეწონა, ის კაცი დიდი მსახიობი იყოო – ვასო გოძიაშვილიო და გარდაიცვალა და, აი, ახლა კრძალავენო.

ალბათ ბავშვურად შევაფასე, როგორც 7 წლის ბავშვს შეეფერება, თუმცა იმ დღეს გადაწყდა ეტყობა ჩემი დაკავშირება თეატრთან. მეორე დღეს ავიჩემე, მეც ხომ მომეწონა ის ბაბუა და წამიყვანე იქ, ჩემი ყვავილებიც უნდა მივიტანო მეთქი.

დედაჩემმა თხოვნა ამისრულა. მეორე გაოცება პანთეონში დამხვდა, როცა ყვავილების ჩვეულებრივი მთა იყო აღმართული მის საფლავზე. მეც მოკრძალებულად დავაწყვე ის მიხაკები, რომელიც ჩემი პატარა ყულაბიდან ამოღებული ფულით ვიყიდე. ამით მადლობა გადავუხადე ვასო პაპას იმ სიამოვნებისთვის, რაც იმ სპექტაკლით მივიღე. (მაშინ რას წარმოვიდგენდი, რომ წლების შემდეგ სწორედ იმ სპექტაკლის აღდგენილ ვერსიაში ვითამაშებდი).

ცოტა რომ წამოვიზარდე, რაღაცეების კითხვაც დავიწყე, თეატრიც უფრო და უფრო ახლობელი ხდებოდა ჩემთვის… და გამიჩნდა კიდევ ერთი ახალი კუმირი – ვერიკო ანჯაფარიძე! რომელიც ვნახე “მოჩვენებანში”, შემდეგ კი, არა ერთხელ “შთამომავლობაში”, “ასის წლის წინათ” და “გვირილა”. თეატრალურ ინსტიტუტში იყო ასეთი ტრადიცია (რომელიც დღემდე გრძელდება) – პირველკურსელებს გრიმით მონათვლის ცერემონიალს უტარებდნენ ხოლმე. ამ საქმეს დიმიტრი ალექსიძე ხელმძღვანელობდა, თუმცა მე რომ ჩავირიცხე სწორედ იმ წელს გარდაიცვალა ბატონი დოდო და ამ საპატიო მისიის შესასრულებლად დიდი ქალბატონი ვერიკო მოიწვიეს.

ჰოდა, სწორედ მან “მაკურთხა”. რა დამავიწყებს იმ აცელქებულ, საოცრად ახალგაზრდულ თვალებს, რომლითაც მიმზერდა და ერთგვარი თვითირონიითაც კი, ასრულებდა ამ საპატიო მისიას. ჩემს წინ იდგა ქართული თეატრის ცოცხალი ლეგენდა… (მაშინაც ვერ წარმოვიდგენდი, რომ წლების შემდეგ ერთი მსახიობის თეატრში “ვერიკო” გავატარებდი ჩემი ცხოვრების სამ წელიწადს და სახლში, რომელშიც ყველაფერს მისი სული ედგა ორ სპექტაკლს დავდგამდი).

ჰოდა, დღეს 30 იანვარია. ეს ორი ბუმბერაზი მსახიობი სხვადასხვა წელში (ერთი – 1976, ხოლო მეორე 1987) სწორედ ამ დღეს წავიდნენ ამ ქვეყნიდან. ჰოდა, რაღაც მომინდა რომ მომეგონებინა ორივე.

P.S. ისე რა მაგარი თეატრი აქვთ იქ მართლა!”