2 იანვარი, 2021

ნანა ფაჩუაშვილი – მსახიობი უმძიმესი ცხოვრებით

სიფრიფანა გოგონას ნანა ფაჩუაშვილის დანახვისას, ალბათ ვერავინ იფიქრებდა, რომ მას ცხოვრებაში უდიდესი ტრაგედიები ელოდა. მართლაც, მსახიობს ცხოვრებამ ბევრი კარგი და ბევრი ცუდი დღეები აჩუქა. ამის მიუხედავად, ხელოვანი ცდილობს, ცუდი ამბები მალე დაივიწყოს და ცხოვრებისგან მაქსიმალურად დადებითი ენერგეტიკა მიიღოს.

მსახიობობა მისი ოცნება იყო და ეს ოცნება რეჟისორმა სიკო დოლიძემ აუხდინა, დოდო ალექსიძემ კი გოგონას სამსახიობო მონაცემები კიდევ უფრო დახვეწა. პროფესიის დაუფლების პარალელურად გაჩნდა მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი ოცნება – რუსთაველის თეატრის მსახიობობა და მსახიობს ამაშიც ბედმა გაუღიმა – ნანა ფაჩუაშვილი რუსთაველის თეატრის მსახიობი გახდა და ახლაც მისი ერთგულია.

თეატრალურ ინსტიტუტში სწავლისას ხელოვანმა სიყვარული იპოვა – ტრისტან ყველაიძე, თუმცა წყვილის სასიყვარულო ურთიერთობა მალევე დასრულდა. ნანა ფაჩუაშვილი თამაზ აფხაიძეს შეხვდა და მასზე დაქორწინდა. წყვილის ქორწინებამ, სამწუხაროდ, დიდხანს არ გასტანა. ქორწინებიდან 4 თვის შემდეგ, მსახიობის მეუღლე უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა – მას დენმა დაარტყა და გარდაიცვალა. ამ დროს ნანა ფაჩუაშვილი ორსულად იყო. 19 წლის ქვრივმა ბიჭი გააჩინა და მამის სახელი – თამაზი დაარქვა.

ტრაგიკული შემთხვევიდან მალევე ნანა ფაჩუაშვილისა და ტრისტან ყველაიძის გზები კვლავ გადაიკვეთა, ისინი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს და მივიწყებული სიყვარულიც გაცოცხლდა. წყვილი დაქორწინდა, თუმცა პირველი მეუღლის გარდაცვალებით გამოწვეული შიში მსახიობს მოსვენებას არ აძლევდა. შიში კი უსაფუძვლო ნამდვილად არ აღმოჩნდა, საყვარელმა ადამიანმა სრულიად ახალგაზრდამ ინფარქტი გადაიტანა, 55 წლის ასაკში კი ტრისტან ყველაიძე გარდაიცვალა.

უმძიმესი დარტყმების მიუხედავად, ნანა ფაჩუაშვილმა საკუთარ თავში მაინც იპოვა ძალა და ფეხზე წამოდგა, საყვარელ თეატრს მიაშურა და საყვარელ საქმეს დაუბრუნდა. რამდენიმე წლის განმავლობაში თეატრს – “თეატრი ათონელზე” ხელმძღვანელობდა.

მსახიობს არც ახალ გამოწვევებზე უთქვამს უარი და საკუთარი შესაძლებლობები ტელევიზიაშიც მოსინჯა – პირველ არხზე მიჰყავდა გადაცემა “სამოთხის ვაშლები”, სადაც საინტერესო თანაწამყვანებთან და სტუმრებთან ერთად საინტერესო თემებზე საუბრობდა.

70 წლის იუბილეზე ნანა ფაჩუაშვილს რუსთაველის თეატრის წინ სახელობითი ვარსკვლავი გაუხსნეს. თითქოს ყველაფერი დალაგდა, დამშვიდდა, მსახიობი კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთო საყვარელ საქმეში, მაგრამ მას განგებამ კიდევ ერთი დიდი ტკივილი მოუმზადა – ნანა ფაჩუაშვილისა და თამაზ აფხაიძის სიყვარულის ნაყოფი – თამაზი გარდაიცვალა. მსახიობმა ეს დარტყმა ყველაზე მძიმედ გადაიტანა – მან უარი თქვა სპექტაკლებში მონაწილეობაზე და ყველას სთხოვა, მის ტრაგედიაზე საუბრისგან თავი მაქსიმალურად შეიკავონ.