14 იანვარი, 2021

მიხეილ ქვლივიძის არაჩვეულებრივი საახალწლო ამბავი

პოეტმა მიხეილ ქვლივიძემ საახალწლო ამბავი თავის ერთ-ერთ ლექსში არაჩვეულებრივად აღწერა:

“ახალწლის ღამეს ჩემ გარდაცვლილ მეგობრებს ვუხმობ…
ოთახში სიმონ ჩიქოვანი შემოდის უხმოდ
და სუფრის თავში ჯდება, როგორც კაცი პირველი, –
ჩემი მოკეთე და პოეტი გასაკვირველი!
და აი, უკვე, კართან ისმის ბოხი ხველება:
მოსულა ისიც, ვისთან ყოფნა მესახელება,
ვინც საქართველო სიტყვით მორთო და გაანათა,
ბატონი გოგლა – ქართველების დიდი თამადა!…
მერე მოდიან საქართველოს ბედზე მლოცველნი;
მაქსიმე რილსკი, ზაბოლოცკი, ვიქტორ გოლცევი,
მოდიან სხვებიც, ვისი ნახვა მე არ მეღირსა,
უერთგულესი ქვეშევრდომნი ჩემი ქვეყნისა…
და ბოლოს, როცა გაიჭედა ხალხით მაგიდა
და ყველა საათს მიაჩერდა და დააკვირდა,
უცებ ოთახში შემოიჭრა თვალანთებული,
თმაშევერცხლილი პასტერნაკი, რომელსაც ახლდა
შავკაბიანი ქალბატონი ჩაფიქრებული,
და თქვა ამ კაცმა: – ტიციიანი ვნახეთო ახლა!…
“ტიციანიო?” – წამოცვივდნენ ჩემი სტუმრები,
– სად იყო? – ქვემოთ… მართალს ვამბობ, არ გეხუმრებით!
სადარბაზოსთან გაგვაჩერა და ასე გვითხრა,
რომ საუკუნის ყურადღებით დაუდაფნავი,
ვერ მოვა ჩვენთან, რადგან სადღაც, სიცხადის მიღმა
უნდა ეძებოს დაკარგული თავის საფლავი…
“პაოლოც ახლდა”… – დაუმატა ხმადაბლა ქალმა
(მას, მე მგონია, კიდევ სურდა რაღაცა ეთქვა).
ამ დროს ოთახი გაანათა სალუტის ალმა
და სიჩუმეში ყრუდ გაისმა საათის რეკვა.”