29 იანვარი, 2021

ლანა ღოღობერიძის დაუვიწყარი მოგონება

კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე თავის ერთ-ერთ გამორჩეულ ფილმზე “რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე” დაუვიწყარ და მისთვის განსაკუთრებულ ისტორიას იხსენებს:

“ფილმში მთავარი გმირის – სოფიკოს დედის როლზე მსახიობის შერჩევა ჩემთვის ყველაზე ძნელი აღმოჩნდა. ეს გმირი ჩემთვის დედაჩემის პროტოტიპია, დედა იდეალური სახე იყო ჩემთვის – არაჩვეულებრივი პიროვნების როგორც გარეგნობით, ისე შინაგანად. ვერ მოვძებნე მისი შესატყვისი მსახიობი როგორც ასაკით, ასევე ვიზუალით.

ბოლოს ვიფიქრე, დედაჩემის მეგობარი – ქეთუსია ორახელაშვილი – ევგენი მიქელაძის მეუღლე გადამეღო. ის და დედა რამდენიმე წელი თავიდან ერთად იყვნენ გადასახლებაში. მისი და დედაჩემის ისტორია ერთნაირია.

ქეთუსია ორახელაშვილი მსახიობი არ იყო. ძალიან მიყვარდა, როცა მივედი და ვუთხარი ფილმის გადაღება მინდა და დედას როლი თქვენ უნდა შეასრულოთ-მეთქი, ერთი წამით დაფიქრდა და მაშინვე მითხრა, თუ ნუცას სახე უნდა განვასახიერო, ნუცასთვის მაგას როგორ არ გავაკეთებო.

ეს იყო ჩემთვის ყველაზე განსაკუთრებული და დაუვიწყარი დღე.”