26 იანვარი, 2021

ეროსი მანჯგალაძის განსაკუთრებული მოგონება

თეატრისა და კინოს მსახიობის ეროსი მანჯგალაძის ხსოვნას რეჟისორმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა განსაკუთრებულად ემოციური მოგონება მიუძღვნა:

“ამ 39 წლის წინ, დღევანდელ დღეს, დედასთან ერთად, რუსთაველის თეატრში “რიჩარდ მესამეს” სანახავად ვიყავი. გადაჭედილი დარბაზი, მათ შორის, უამრავი უცხოელი სტუმარი, მოუთმენლად ელოდა სპექტაკლის დაწყებას.

მახსოვს მეორე რიგში ვისხედით, ის კი არ მახსოვს მერამდენე ვიყავი ამ სპექტაკლზე, თუმცა თეატრის მოლარეს, ქალბატონ თამარ სოლოვიოვას, ძალიან ვთხოვე წინა რიგში მოეცა ბილეთი, რომ მსახიობები უფრო ახლოდან დამენახა.

დაიწყო სპექტაკლი, ავანსცენაზე გამოჩნდა ქალბატონი მედეა ჩახავა – მარგარეტი წიგნით ხელში, შემოიარა სცენა დადგენილი მიზანსცენით, გაისმა ცნობილი მუსიკალური ჰანგები, აიწია სპეციალურად ამ სპექტაკლისთვის შექმნილი ფარდა, უკანა, მრგვალ შემოსასვლელთან დგას რამაზ ჩხიკვაძის რიჩარდი ჯოხზე დაყრდნობილი, მასიურ სცენებში მონაწილენი, წესისამებრ იწყებენ იური ზარეცკის მიერ დადგმული ქორეოგრაფიული ნახაზის შესრულებას, რიჩარდი ავანსცენისკენ დაიძრა… შემდეგ გაჩერდა, დაიწყო ცნობილი მონოლოგი “იორკის მზე”…

ყველაფერი თითქოს ჩვეულებრივად მიდის, სულ რამოდენიმე წუთში შემოაგორეს ბორბლებზე შემდგარი “სამეფო ტახტი” დედოფალი ელიზაბეტი სალომე ყანჩელი, როგორც წესი რივერსთან, დორსეტთან და გრეისთან ერთად. დორსეტი დავით ჩხიკვაძე და რივერსი ვიქტორ ნინიძე ადგილზე არიან. გრეი – სოსო ლაღიძე არ არის სცენაზე. ყურადღებას იქცევს ქალბატონი სალომე იმით, რომ ცრემლად იღვრება, ვერ ახერხებს, თუმცა ცდილობს ცრემლი დამალოს, შემოდის კარლო საკანდელიძე კეიტსბი, ისიც ტირის, ოღონდ ტირის ისე, რომ მიკრული ულვაშის ცალი მხარე ძვრება, მეორეს პრინციპულად იძრობს იქვე, მაყურებლის თვალწინ, შემოდის სტენლი… როგორც წესი ბადრი კობახიძე, თუმცა ამ საღამოს რატომღაც რევაზ ჩხაიძე.

პრაქტიკულად ყველა მსახიობი ტირის, მეორე შემოსვლაზე მოტირალებს მედეა ჩახავა – მარგარეტიც უერთდება. ფაქტია რომ რაღაც მოხდა… ძალიან ცუდი, ტრაგიკული, მოულოდნელი… ვიღაც დაიღუპა… სულო ცოდვილო და ვიფიქრე სოსო ლაღიძეზე ან ბადრი კობახიძეზე, რადგან არ იყვნენ სცენაზე. ასე ვაი-ვაგლახით ჩაიარა პირველმა მოქმედებამ, მოტირალთა რიგები იზრდებოდა: გოგი გეგეჭკორს ნანა ფაჩუაშვილი აჰყვა, კახი კავსაძეს – ავთო მახარაძე, მარინა თბილელს – ჯემალ ღაღანიძე და ასე შემდეგ. პირველი მოქმედების ფინალში სკამზე ზის “გარდაცვლილი” მეფე ედვარდი – ავთო მახარაძე, რომელთანაც წესით უნდა მივიდეს მედეა ჩახავა – მარგარეტი, წამოაყენოს, ერთად გააკეთონ ე.წ. “პაკლონი” და მერე ანტრაქტია, თუმცა უცებ ყველაფერი დაბნელდა, სიჩუმე სიბნელეში დიდხანს გაგრძელდა, შემდეგ ერთი პროჟექტორი გამონათდა სცენის ცენტრში, სადაც თეატრის დირექტორის მოადგილე, მსახიობი ნოდარ მარგველაშვილი იდგა.

მან მძიმედ დაიწყო… “ალბათ შეამჩნევდით, რომ დღევანდელი წარმოდგენა უჩვეულოდ ტრაგიკულად მიმდინარეობს, საქმე ის გახლავთ, რომ სპექტაკლის დაწყებიდან 5 წუთში შეგვატყობინეს, რომ მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი ეროსი მანჯგალაძე…” დარბაზმა სულის გამაწვრილებლად ამოიგმინა, იმ შემზარავი ამოგმინვის ხმა დღემდე არ ამომდის ყურებიდან. მეხსიერებაში ჩაიბეჭდა ეს ტრაგიკული ამოძახილი…

დღევანდელ დღეს დიდი ეროსი გარდაიცვალა. 30-ში დაკრძალვა იყო. ამდენი ხალხი მას მერე მხოლოდ სამჯერ ვნახე დაკრძალვაზე – ნოდარ დუმბაძის, მერაბ კოსტავას და რეზო თაბუკაშვილის უკანასკნელ გზაზე გაცილებისას.

ეროსი სულ 56 წლის ყოფილა, არადა როგორი დიდი მეგონა… რამდენი მოასწრო და დატოვა… რაც მთავარია, დატოვა დიდი სიყვარული მაყურებელში, რომელიც დღემდე არ განელებულა.”