დინა მირცხულავას არაჩვეულებრივი წერილი “დედა ენაზე”

დინა მირცხულავას არაჩვეულებრივი წერილი "დედა ენაზე"მწერალი დინა მირცხელავა იაკობ გოგებაშვილის “დედა ენაზე” არაჩვეულებრივ ჩანაწერს გვიზიარებს:

“ბიჭი სესე იყო ჩემი პირველი სიყვარული.
“დედა ენა” იყო ჩემი პირველი წიგნი და იმიტომაც.
სულ ერთხელ შეეშლა სესეს და ქვები დაუშინა მერცხალს.
ისიც იმიტომ, რომ მე გამედიდგულა, ნახე, რა მაღალზე ვისვრიო…
და წიგნში დამიხატეს სესე.
იცით, როგორი ბიჭუკელა იყო?!
ქოჩორა.
ვაშლივით დაბრაწული დიდი ლოყებით და მრგვალი სახით.
მაგრამ გიგოსავით მსუქანი არ ყოფილა.
თხელი და აწოწილი.
მე მხრებამდე ვწვებოდი.
იმ დღეს დავეტოლე, როცა პეპლებს ვიჭერდით.
ოჰ, რამდენს დავხტოდით ფურცლიდან ფურცელზე.
ონავრებს დაგებულ კაკანათს ვუშლიდით, გვეცოდებოდნენ ბეღურები.
ონკანს ვკეტავდით, აინუშშიაც რომ არ აგდებდნენ ლია და რეზო.
შაქარას ვაშლებს ვუკრეფდით.
გიგოს კითხვას ვასწავლიდით.
“ქინაქინაზე” გავრბოდით.
უსუნო ყვავილს ვყნოსავდით, იმიტომ რომ ყვავილი და უსუნო ვერ წარმოგვედგინა.
მოხუც მამას ვგულშემატკივრობდით და გვიან მივხვდით, რატომ ვერ გატეხა ისრების კონა.
მე მიყვარდა ბიჭი სესე და ყველაზე ლამაზად ვწერდი მის სახელს. ყველაზე ტკბილად ვკითხულობდი ამ ორ მარცვალს.
მერე მე გავიზარდე, მაგრამ ბიჭი სესე დარჩა ბავშვობაში და მოიწყინა, იმიტომ რომ “დედა ენა” შემოდეს თაროზე და მტვერი დაედო ლურჯთვალა იებს…”