28 იანვარი, 2021

ავთო ვარაზის ნახატის საოცარი ისტორია

მხატვარი ავთო ვარაზი თავისი ორიგინალური შემოქმედებით ნამდვილი აღმოჩენაა ხელოვნების მოყვარულთათვის. მის თითოეულ ნამუშევარში ყოველი დექალი ხელოვნების ნიმუშია.

“არტ ინფო” ერთ-ერთი პორტრეტის ისტორიას გაგაცნობთ, რომლის პროტოტიპიც ბუკინისტი ლოცაა:

ამ პორტრეტის პროტოტიპს ბუკინისტი ლოვა წარმოადგენს. ავთო ვარაზის გადმოცემით, იგი ძალიან მდიდარი სომხური ოჯახიდან იყო და იმდენად სათუთად აღზრდილი, რომ თურმე მისი მშობლები ერთმანეთს აფრთხილებდნენ: “კარადის კარი ფრთხილად დახურე, ლოვას არ დაუბეროს და არ გაგვიცივდესო.”

მაგრამ გავიდა დრო, მშობლები დაიხოცნენ, ლოვა მარტო დარჩა ცხოვრებისათვის აბსოლუტურად მოუმზადებელი და უმწეო. ლოვამ ჩამოსული რუსი ქალი შეიყვარა. ქალმაც არ დააყოვნა ამ “გრძნობის” დაფასება.

ერთხელ, როცა ლოვა სადღაც გაგზავნა, შეკრა მთელი მისი ქონება, სამკაულები, ოქრო, ვერცხლი და გაუჩინარდა… დარჩა ლოვა მარტო, უკაპიკოდ, გულგატეხილი. ლოგინად ჩავარდა და დიდხანს იავადმყოფა. სიკვდილმაც მიატოვა. რამენაირად ხომ უნდა ეარსება? და დაიწყო ლოვამ ნოტებით ვაჭრობა. იგი ხშირად მოდიოდა მხატვართან და ვიოლინოს რეპერტუარი მოჰქონდა. ავთო ვარაზიც ყიდულობდა.

ერთხელ მხატვარმა ლოვას დახატვა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო, ლოვას აზრით თუკი ვინმე მის პორტრეტს დახატავდა, იგი აუცილებლად მოკვდებოდა და ავთო ვარაზიც იძულებული გახდა, ლოვა ზეპირად დაეხატა.”