30 დეკემბერი, 2020

სულ სხვანაირი გოდერძი ჩოხელი

რეჟისორი, მწერალი და სცენარისტი გოდერძი ჩოხელი თავისი სიმართლითა და სევდით უამრავი ადამიანის გულს იპყრობს.

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ამინა არაბულმა გოდერძი ჩოხელი მკითხველს სულ სხვა კუთხით წარუდგინა:

“…ფიქრში გუდამაყრისკენ რომ გავიხედავ, იქ ბერი, ჯღუნაი და ვაჟი გოგი დგანან… დგანან კი არა, თითქოს სანთლებივით იწვიან და გუდამაყრის ბინდისფერ ხეობას ანათებენ…

მწერლისა და მისი განუმეორებელი პერსონაჟების ღრმა სულიერი სიახლოვის სხივითაა განათებული გოდერძი ჩოხელის უაღრესად შთამბეჭდავი შემოქმედება. გულში ელვად გამვლელ მის ნაწერებსა და ფილმებში მკითხველსა და მაყურებელს ის ხალასი ნიჭი და ბუნებითი უშუალობა ხიბლავს, რასაც განგება ასიათასში ერთხელ იმეტებს “ბედნიერი ტანჯულებისთვის”. გოდერძის კურთხეულმა კალამმა და კინოკამერამ შეძლებისდაგვარად ასახა და შემოგვინახა საერთოდ მთის და არა მხოლოდ გუდამაყრის არაერთი უნიკალური არტეფაქტი, რასაც დღეს, გამადიდებელი ლუპითაც რომ ვსინჯოთ და ვეძებოთ, ვეღარ ვნახავთ, ვეღარსად მივაკვლევთ…

გოდერძი ჩოხელს გულისგულში, უპირობოდ და, ასე ვთქვათ, ღია ღიმილით უყვარდა თავისი უცნაურობამდე “არანორმალური” თუ დინჯი, ცხოვრების სიმძიმისგან წაჭკვიანებული გმირები. უყვარდა და მათი მხრიდანაც სიმპათიას, მუდმივი მონატრების სიმძაფრესა და საპასუხო სიყვარულს იმკიდა…

ხოლო ბერი, ჯღუნაი და ვაჟი გოგი იმ უძინარი ებგურების, უშიშარი მენაპირეებისა და ცის ჭექა-ქუხილში ნაწრთობი მეწვერეების პირდაპირი შთამომავლები არიან, რომელთა შემართებამ, სიფხიზლემ და უჩუმარმა თავდადებამ ბევრჯერ იხსნა საქართველოს მთიანეთის ცალკეული კუთხეები ფიზიკური ხელყოფისა და განადგურებისაგან.

“…ფიქრში გუდამაყრისკენ რომ გავიხედავო…”