31 დეკემბერი, 2020

ყველაზე კარგი შემოთავაზება პაატა ბურჭულაძისგან

ოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძე თითოეულ ჩვენგანს ყველაზე კარგ შემოთავაზებას გვთავაზობს:

“მოდით, ცოტა ხნით წარმოვიდგინოთ და ჩავიფიქროთ, თითქოს ჩვენს გარშემო აღარ შიმშილობს არც ერთი ბავშვი, გვყავს მრავალპარტიული პარლამენტი, ხალხზე მზრუნველი და პატიოსანი მთავრობა, სამართლიანი სასამართლო, რომელმაც ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას ბოდიში მოუხადა, შემდეგ ორივე ღირსების ორდენით დააჯილდოვეს პატრიოტული და თავდადებული შრომისთვის.

წარმოვიდგინოთ, რომ აღარ არსებობს იმისიანი და ამისიანი, ყველას ერთმანეთი უყვარს და ახალგაზრდა, განათლებულ ქართველებს უწყობენ ხელს წინსვლაში. დემოკრატიულ და ღირსეულ ქვეყანაში მსოფლიო ვარსკვლავებს კვლავ უჩნდებათ ჩამოსვლის სურვილი და იმართება დაუვიწყარი საქველმოქმედო საღამოები.

უცხოეთში გვასახელებს ქართული კულტურა, სპორტი, მეცნიერება… ემიგრანტებს უჩნდებათ დაბრუნების სურვილი, იშლება უკანონოდ დაწესებული საზღვრები და გამთლიანებული საქართველოთი ვხვდებით 2021 წელს.

თუ წარმოიდგენთ ჩემთან ერთად, ჩამოასხით, მივუჭახუნოთ ჭიქები და ერთად ვიმღეროთ “ღვინოვ, კახურო!”