4 დეკემბერი, 2020

ნინო ჭავჭავაძისა და ალექსანდრე გრიბოედოვის დრამა

ულამაზესი ნინო ჭავჭავაძისა და პოეტ ალექსანდრე გრიბოედოვის სიყვარული უდიდესი დრამა აღმოჩნდა.

სერგი ჭილაია თავის მოგონებებში ალექსანდრე ჭავჭავაძის ულამაზესი ასულისა და მისი მეუღლის სიყვარულის ისტორიას ასე იხსენებდა:

“1828 წლის 22 აგვისტოს სიონის ტაძარში 16 წლის ნინო ჭავჭავაძემ და 33 წლის ალექსანდრე გრიბოედოვმა ჯვარი დაიწერეს, მაგრამ საბედისწერო აღმოჩნდა ეს ჯვრისწერა. ხუთი თვის შემდეგ თეირანში ტრაგიკულად დაიღუპა გრიბოედოვი. ეს ამბავი რომ გაიგო გული შეუღონდა ნინოს და მუცელი მოეშალა. 17 წლისამ ქმარიც დაკარგა და შვილიც. ალექსანდრე გრიბოედოვი პირველი იყო, ვისი ნეშთიც მთაწმინდაზე საგანგებოდ მომზადებულ მღვიმეში დაკრძალეს. 1857 წელს კი 45 წლისა ქოლერით გარდაიცვალა თბილისის ეშხი და სილამაზე – თვით ნინო ჭავჭავაძე. სამეგრელოს დედოფალმა, უმცროსმა დამ ეკატერინე ჭავჭავაძემ – “წინანდლის ვარდმა” – ნინოც გრიბოედოვის გვერდით მიაბარა მთაწმინდას.

თავისი ნიშნობის ამბავი კი გრიბოედოვმა მის მეგობარს ფეოდორ ბულგარინს დაწვრილებით უამბო 1828 წლის 24 ივლისს გაგზავნილ წერილში: “ეს იყო 16-ში (ივლისს). ამ დღეს მე ჩემს ძველ ახლობელ ახვერდოვასთან ვსადილობდი, მაგიდასთან ნინო ჭავჭავაძის პირდაპირ ვიჯექი. სულ მას ვუყურებდი. დავფიქრდი, გული ამიჩქროლდა. როდესაც მაგიდას მოვშორდი, მას ხელი მოვკიდე და ვუთხარი, ჩემთან წამოდით, რაღაც უნდა გითხრათ-მეთქი. მან დამიჯერა, როგორც ყოველთვის, ალბათ იფიქრა, რომ ფორტეპიანოსთან დავსვამდი. გამოვიდა კი სხვა რამ. იქ დედამისის სახლია, იქით გავეშურეთ. ოთახში შევედით, სუნთქვა შემეკრა და არც კი მახსოვს, რას ვლუღლუღებდი. იგი ატირდა, მერე გაიცინა. მე მას ვაკოცე დედამისთან, ბებიასთან, მეორე დედა პრასკოვია ნიკოლოზის ასულ ახვედროვასთან. ჩვენ დაგვლოცეს. მამამისთან ერევანში კურიერი გავაგზავნე წერილით, ჩვენ ორთავესგან და ახლობელი ადამიანებისაგან.”

ნინო ჭავჭავაძისა და ალექსანდრე გრიბოედოვის საქორწინო ზეიმის შესახებ კი გაზეთი “ტფილისსკი ვედომოსტი” 1828 წლის ერთ-ერთ ნომერში წერდა:

“პირველი მეჯლისი, ანუ უკეთესად თუ ვიტყვით, სადილი ცეკვებით. სპარსეთში ჩვენი სრულუფლებიანი მინისტრისა ა.ს. გრიბოედოვის თავადის ასულ ნ.ა. ჭავჭავაძეზე დაქორწინებასთან დაკავშირებით 24 აგვისტოს გაიმართა. მეორე დიდებული მეჯლისი ტფილისის სამხედრო გუბერნატორთან, გენერალ-ადიუტანტ ნ.მ. სიპიაგინთან 26 აგვისტოს მოეწყო. საუცხოოდ განათებული და ბრწყინვალედ მორთული ოთახები, რომლებიც მის ბრწყინვალებას ეკავა, მორთული იყო ყვავილებით. საყვირების ხმა იუწყებოდა სტუმრების მოსვლას, რომელთაც ამისთვის სპეციალურად დანიშნული ჩინოვნიკები ეგებებოდნენ, ხოლო ქალბატონებს თავად მასპინძელი ხვდებოდა.
ყველა სტუმრის შეკრების შემდეგ მეჯლისი საუცხოო ფეიერვერკით დაიწყო და მისი ბრწყინვალების სახლის წინ, ალექსანდრეს შესანიშნავ მოედანზე აინთო, რომელიც მისი ბრწყინვალება სიპიაგინის მიერ ამ მხარის მმართველობის დროს გაშენდა. ფეიერვერკის შემდეგ ცეკვა დაიწყო. ერთმანეთს ცვლიდა პოლონური ეკოსეზები, ვალსები, კადრილები. ბოლოს ყველა მიყუჩდა და დამსწრეთა ყურადღება მიიპყო კვარტეტმა, რომელიც თბილისელმა ვირტუოზებმა დიდი ხელოვნებით შეასრულეს და რომელმაც მუსიკის ყველაზე მკაცრი შემფასებლებიც კი დიდად კმაყოფილი დატოვა.”