14 დეკემბერი, 2020

დონარა კინწურაშვილის და ეთერ კაკულიას სახალისო ამბავი

მომღერალი ეთერ კაკულია და წამყვანი დონარა კინწურაშვილი მეგობრები იყვნენ. ცნობილია, რომ ქალბატონი დონარა კარგი კულინარი იყო და განსაკუთრებულ ჯემებს ამზადებდა, ქალბატონი ეთერი კი კულინარიაში ნიჭიერებით ნამდვილად ვერ დაიკვეხნიდა და ამას არც მალავდა.

ერთხელ მეგობართან სტუმრობისას, მომღერალმა ჭანჭურის არაჩვეულებრივი ჯემი გასინჯა. ისე მოეწონა, რომ გადაწყვიტა, თვითონაც მოემზადებინა, თანაც დონარამ უთხრა, უმარტივესი მოსამზადებელია, გამოაცლი კურკებს, მოაყრი შაქარს, დადგამ და მზად არისო.

ეთერ კაკულია ამ სახალისო ისტორიას თავისი ჩვეული ენერგიულობითა და აღტაცებით ყვებოდა:

“ერთხელ გასტროლებიდან ჩამოვედი, სახლში არავინ დამხვდა წყნეთში იყვნენ დასასვენებლად. ძალიან მშიოდა. ამ დროს დონარა კინწურაშვილმა დარეკა და მითხრა, ეთო, ისეთი კარგი ჭანჭურის ჯემი მოვხარშე, უნდა გაგასინჯოო.

წავედი. მართლაც უგემრიელესი ჯემი იყო: – ვა, რა გემრიელია, დონჩიკ, მოდი, რა, მეც გავაკეთებ-მეთქი. – ეთო, არაფერი არ უნდა, კურკა გამოაცალე, შაქარი დააყარე და დადგიო. ვიფიქრე, რა ადვილი ყოფილა-მეთქი.

წავედი ბაზარში და 10 კილო ჭანჭური ვიყიდე. ან რამ მაყიდინა ამდენი? სანამ ამ ჭანჭურს კურკები გამოვაცალე, ჩემი სამზარეულო ნაომარს დაემსგავსა – ყველაფერი წითელი იყო. როგორც იქნა დავასრულე კურკების გამოცლა, დავაყარე შაქარი და დავდგი.

შუადღის 3 საათი იქნებოდა. ღამის 11 საათზე ჩაი დავისხი, პურზე კარაქი წავისვი, მივედი ჯემთან, მიხარია, რაღაც გავაკეთე-მეთქი და ვხედავ, არანაირი ჯემი არ არის. როგორც დავაყარე შაქარი, ისე დგას.

ვეცი ტელეფონს და დონჩიკას ვურეკავ: -დონჩიკ, ეს რა მასწავლე, სად არის ჯემი-მეთქი. – არ გადამრიოო, – მითხრა, კი, მარა რომელ საათზე დადგი ცეცხლზე, აქამდე ხომ დაგეწვებოდაო. – რა ცეცხლი, სამზარეულოში დავდგი მაგიდაზე-მეთქი.”