19 ნოემბერი, 2020

საბჭოთა ინტელიგენციად ქცევის ცდუნებას გადარჩენილი მანანა მენაბდე

მუსიკოსი, მომღერალი, მწერალი, მხატვარი და მსახიობი – სულით ხორცამდე ხელოვანი მანანა მენაბდე საბჭოთა ინტელიგენციად ქცევის ცდუნებას გადაურჩა. მისი პიროვნების ხიბლი და მთავარი საიდუმლო ისაა, რომ უზარმაზარი ენერგეტიკის მქონე ადამიანია და დაუჯერებელი თავგანწირვა და მეგობრობა იცის.

კატო ჯავახიშვილი, პოეტი:

“ერთდროულად რთული და ძალიან მარტივი, უკომპრომისო და პატიების უზარმაზარი ნიჭის მქონე, მოწესრიგებული და ძალიან დაბნეული, დიდი ბავშვი, სულ დანის წვერზე რომ იარა და რაღაცნაირად გადაურჩა საბჭოთა ინტელიგენციად ქცევის ცდუნებას.

არ უყვართ და მტრობენ, უყვართ და ფეხქვეშ ეგებიან, მაგრამ შეუძლებელია არ აღიარო, რომ ესაა უზარმაზარი ენერგეტიკის მქონე ადამიანი, რომელსაც საკუთარი თავი ყოფნის – “ადამიანი ენერგია”, შეურიგებელი ადამიანი, მოუხელთებელი, მორიგებების ნგრევის დიდოსტატი, მარტოობაშიც კი ხმაურიანი.

ცოტამ თუ იცის, როგორი მეგობრობა იცის: რამხელა თავგანწირვაა ამ ადამიანში, როგორ შეუძლია “სხვა” თავისზე მაღლა დააყენოს. ჰოდა, რა გადასარევია, რომ დაიბადე, გილოცავ, ბევრი მოულოდნელი შემოქმედებითი ამბავი უნდა გქონდეს.

ამ ქალაქს უყვარხარ, ჩვენ გვიყვარხარ და გვჭირდები… ამ სიმღერას კი, ასე მართლა ვერავინ მღერის.”