14 ნოემბერი, 2020

ნიკა ქავთარაძეს ბოდიშის მოხდას სთხოვენ

იუმორისტ ნიკა ქავთარაძეს ბოდიშის მოხდას სთხოვენ. ანსამბლი “დიდგორი” შეურაცხყოფილია გადაცემა “ფსკერის” მიერ მომზადებული ვიდეოთი:

“დიდგორის” ერთგული მსმენელი კარგად გვიცნობს აგერ უკვე 16 წელია, იცის რაოდენ მნიშვნელოვანი და ფასეულია ჩვენთვის ქართული ხალხური სიმღერა – ყველაფერი რაც მას უკავშირდება.

მსგავსი პოსტებით არ გამოვირჩევით, სამწუხაროდ, გვიწევს თქვენი ყურადღება გავამახვილოთ ბოლო დროინდელ სამარცხვინო ამბავზე…

კატეგორიულად მიუღებელია 9 ნოემბერს, ,,ფორმულას” სატელევიზიო გადაცემა ფსკერისა და მისი წამყვანის ნიკა ქავთარაძის ფეისბუქ გვერდებზე განთავსებული ,,იუმორისტული” ვიდეო, სადაც ,,დიდგორის” მიერ ნამღერი ხასანბეგურა დაამონტაჟეს, აბსოლუტურად სხვა ხმა დაადეს და ასე გადაწყვიტეს აწ უკვე პოლიტიკოსი, დიდგორელი ნოდარ ტურძელაძისა და მასთან ერთად ჩვენი ანსამბლის, ამასთანავე დიდებული ქართული ხალხური სიმღერის საქვეყნოდ დაცინვა.

ვთვლით, რომ ძალზედ შეურაცხმყოფელია ნიკა ქავთარაძის დამოკიდებულება ქართული მრავალხმიანობის, ,,დიდგორის” მრავალწლიანი შრომის მიმართ…

ანსამბლი ,,დიდგორი” მოვითხოვთ – ნიკა ქავთარაძემ საჯაროდ მოგვიხადოს ბოდიში ჩვენ და შეცდომაში შეყვანილ საზოგადოებას.

ჩვენ ვცდილობთ სწორედ ამ უნიკალური ქართული მრავალხმიანობით, ქართული სამოსით, ერთობით წვლილი შევიტანოთ ტრადიციის გაგრძელებაში. მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში გავმართეთ კონცერტები, მასტერკლასები თუ სხვადასხვა შეხვედრები. გავიცანით უამრავი ადამიანი და მათ გავაცანით საქართველო, მისი ტრადიციები და კულტურა. ასევე საქართველოში ვუმასპინძლეთ ძალიან ბევრ უცხოელს, რომელმაც სიმღერით აღმოაჩინა ჩვენი სამშობლო.

მსგავსი დამოკიდებულება დიდი სირცხვილია…”