21 ნოემბერი, 2020

ნანი ბრეგვაძის ყველაზე დიდი საიდუმლო

მომღერალ ნანი ბრეგვაძის შემოქმედება ნახევარ საუკუნეზე მეტია მილიონობით ადამიანს უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს.

ხელოვანი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება ესტრადას მიუძღვნა, უდიდესი ტკივილების მატარებელია, რაზეც საჯაროდ საუბარი არასდროს უყვარს და მისი ყველაზე დიდი საიდუმლოა. წარმატებული კარიერის პარალელურად, მისი პირადი ცხოვრება ია და ვარდით მოფენილი არასდროს ყოფილა.

ყოფილმა მეუღლემ – მერაბ მამალაძემ ნანი ბრეგვაძის პოპულარობას ვერ გაუძლო და სხვა ქალთან წავიდა. ყველაზე მეტად მშობლების გაყრა მათმა ერთადერთმა შვილმა – ეკა მამალაძემ განიცადა. გოგონა მაშინ 13 წლის იყო და დედას გამუდმებით სთხოვდა, მამას შერიგებოდა, რადგან სურდა სრულყოფილი ოჯახი ჰყოლოდა.

“ქმარმა კატეგორიულად დამისვა საკითხი – ან ოჯახი, ან “ორერა”. რა თქმა უნდა, დავთანხმდი სახლში ყოფნაზე და უარი ვთქვი სიმღერაზე. ერთი წელი ვიყავი ასე. ნერვიულობის ნიადაგზე ხმა დავკარგე. შემდეგ მოვიდა რობერტ ბარძიმაშვილი და სთხოვა, ამ ერთხელ გამოუშვი მნიშვნელოვანი კონცერტი გვაქვსო. მერაბმა გამიშვა. იქ რომ ვიმღერე, მითხრა, არა, ნანი, შენ არ უნდა იჯდე სახლში, შენი ადგილი სცენაზეაო. ასეთი გულისხმიერი ადამიანი იყო…

შემდეგ მერაბი დაიჭირეს. ის კაცი იყო და უნდოდა, ოჯახში ფული მოეტანა, ფული გამოემუშავებინა. მე უფრო მეტი ხელფასი მქონდა, ვიდრე მას. ის არ იყო ბიზნესმენი, მაგრამ რაღაც ქაღალდებზე აწერდა ხელს…

როცა დააპატიმრეს, ისტერიკა მქონდა, კინაღამ გავგიჟდი, დედა მამშვიდებდა. მერაბი არ მიმიტოვებია, შევარდნაძესთან წავედი. შინაგან საქმეთა მინისტრი იყო მაშინ. ერთი საათი გაუჩერებლად ვლაპარაკობდი, ბოლოს რომ ვეღარ ამოვისუნთქე, წყალი მომაწოდა. მომისმინა, აიღო ყურმილი, დარეკა და სათქმელი მოკლედ თქვა: დღესვე დაუყოვნებლივ იყოს გადმოყვანილი საქართველოშიო. მერაბი ესტონეთში იმყოფებოდა…

ნამდვილად არ შემიძლია მასზე ცუდის თქმა, მიუხედავად იმისა, რომ სულ მეჩხუბობოდა. არაფერი არ მოსწონდა ჩემი, მაგრამ კი ვუყვარდი. მეუბნებოდა, მიყვარხარ, მაგრამ რატომ არ ვიციო… აბა, მითხარით, ეს რანაირი სიყვარულია?! ან ვის სჭირდება ასეთი სიყვარული? და ის წავიდა. მე მისგან არასდროს წავიდოდი… მე მას ვუშლიდი ცხოვრებაში, მისი მთავარი დაბრკოლება ვიყავი – რამის გაკეთება რომ უნდოდა, ჩემი სახელი და გვარი ხელს უშლიდა…”

ოჯახის დანგრევის ტკივილს კიდევ უფრო დიდი ტკივილი დაემატა – ნანი ბრეგვაძეს დედა გარდაეცვალა. მომღერალმა ისე განიცადა საყვარელი მშობლის გარდაცვალება, რომ ერთი წლის განმავლობაში არც გარეთ გადიოდა, არც მღეროდა, არც არავის ნახვა არ სურდა. მთელი პასუხისმგებლობა მისმა ერთადერთმა შვილმა – ეკა მამალაძემ აიღო საკუთარ თავზე და დედას ყველაზე მძიმე წუთები მაქსიმალურად შეუმსუბუქა.

ახლა სცენაზე სამი თაობა დგას – ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე და ნატალია ქუთათელაძე – დედა, შვილი და შვილიშვილი, რომლებიც მის უდიდებულესობა ქართულ კულტურას ემსახურებიან.