16 ნოემბერი, 2020

ნანა მჭედლიძე ქართულ ფეხბურთზე

როდესაც რეჟისორმა ნანა მჭედლიძემ ფილმი “პირველი მერცხალი” გადაიღო, ეს იყო ერთგვარი რევოლუცია – ქალი რეჟისორის მიერ გადაღებული ფილმი ფეხბურთზე, რომელმაც დიდი აღიარება, პოპულარობა და ჯილდოები მოიპოვა.

ფილმის გადაღებებთან და ფეხბურთის უსაზღვრო სიყვარულთან დაკავშირებით წლების წინ რეჟისორმა ინტერვიუ გაზეთ “ლელოს” მისცა.

კითხვაზე, რთული იყო თუ არა “პირველი მერცხლის” გადაღების პროცესი, ნანა მჭედლიძემ უპასუხა:

“- დიახ. თანაც არავის სჯეროდა, რომ ფეხბურთზე ფილმის გადაღებას შევძლებდი. ყველა ეჭვით უყურებდა ამ საქმეს, მხოლოდ ორ ადამიანს – რეზო ჩხეიძეს და სცენარის ავტორს ლევან ჭელიძეს სწამდათ გამარჯვებისა…

– გამარჯვება კი უდაოდ დიდი იყო. დიდი და ბრწყინვალე. ფილმმა დამსახურებულად მიიღო “გრან პრი”, “ოქროს ჯიხვი”, მრავალი დიპლომი და ჯილდო…

– და კიდევ პრიზი საბჭოთა სპორტსმენებისაგან და ჩემთვის ძალზე საპატიო და სასიამოვნო ცნობა – ფეხბურთის საკავშირო ფედერაციის წევრად გახდომის შესახებ.

– ამბობენ, ბავშვობის შთაბეჭდილება წარუშლელი და ღრმააო. ის, რაც პირველი ნახვით შეგიყვარდება, სამუდამოდ გაგყვება.

– ფეხბურთი პატარაობიდანვე მიყვარდა. ყველა მატჩს ვესწრებოდი და გულმოდგინედ ვადევნებდი თვალს. ერთხელ ჩვენს “დინამოს” თამაში ჰქონდა თბილისში, მე კი სოხუმში ვიყავი. მატარებლით რომ წამოვსულიყავი, ვერ ვუსწრებდი მატჩს. ბოლოს ჩემი გავიტანე და თვითმფრინავის სავარძელში მოვკალათდი, მაგრამ მოხდა გაუთვალისწინებელი რამ – თვითმფრინავი ქუთაისში დაჯდა… ორი დღით. ამ ამბავს ხშირად მახსენებენ – ნანას ისე ეჩქარებოდა, ორი დღით დაიგვიანაო.

– ძალიან გყვარებიათ ფეხბურთი.

– ნუთუ არსებობს ისეთი ადამიანი, იგი რომ არ უყვარდეს? ნამდვილად ვერ წარმომიდგენია. ეს საოცარი თამაშია, რომელშიც პატროიტიზმი, ვაჟკაცობა, გმირობა და სილამაზეა შერწყმული. აქ ხომ პიროვნების ყველა ზნეობრივი ღირებულება იჩენს თავს. გახსოვთ, ის კადრი ფილმიდან, როდესაც ინგლისელთა მეკარე კარშია გართხმული? ქართველ ფეხბურთელს მეტოქის კარის აღების ერთადერთი რეალური შესაძლებლობა აქვს და იგი ბურთს… აუტში გზავნის. ეს ეპიზოდი ქართული ფეხბურთის სინამდვილიდანაა აღებული. ან თუნდაც ჩვენი “დინამოს” ტაშკენტელთა ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ “ფაჰთაქორთან” ნათამაშევი მატჩი გაიხსენეთ. ეს ქართველი კაცის ხასიათია, რომელიც საუკუნეების მანძილზე იძერწებოდა. ამის ღალატი არ შეიძლება.”