19 ნოემბერი, 2020

ლია ლიქოკელის ყველაზე ტკბილი სურვილი

მწერალი ლია ლიქოკელი თითოეული ადამიანისთვის ყველაზე ტკბილ და მნიშვნელოვან სურვილს ასაჯაროვებს:

“მაღაზიების ქსელი როა, “ნუგეში” რომ ჰქვია, პატარა ჯიხურები დგას ხოლმე და პროდუქტები იყიდება, აი, ეგეთი ქსელი მინდა, ეგრე ჩადგმული ციცქნა ჯიხურებით, სადაც მიხვალ და ნამდვილ ნუგეშს მოიკითხავ, – ნუგეშს გცემენ, ნუგეშს მოგცემენ.

განა ისე, სულ უფასოდ, – თუნდაც იყიდებოდეს, ოღონდ ყველასთვის მისაწვდომი რომ იყოს. მიხვალ, შენი ჯიბის შესაბამისი ფასის ნუგეშს იყიდი, წონით თუ თვლით, თუ როგორც იქნება, და წამოხვალ წვიმაში და ქარში და წუნწკლში და უბედურებაში სახლისკენ დანუგეშებული, ცოტა მაინც დამშვიდებული და დაიმედებული.

და საღამოს რომ ჩამოჯდები დარდში და სიმარტოვეში და ავადმყოფობებში გათანგული, ამოიღებ და გაციცქნი ამ შენს ნუგეშს და მოგეშვება. მოგეშვება ცოტა მაინც, ცოტა ხნით მაინც, ისე, რომ ხვალინდელ დღემდე და თუნდაც კიდევ ერთ ნუგეშის ჯიხურამდე მიაღწიო, ჩადგე მერე ისევ ნუგეშის რიგში, შენნაირ დასანუგეშებლებში, და ის მაინც იგრძნო, რომ მარტო არ ხარ ამ ამბავში.

და თუ სხვებიც გამოდიან სახლიდან ასეთ ამინდში იმ იმედით, რომ ეშველებათ, ალბათ აქვს აზრი, რამე უკეთესს ელოდებოდე, ახლა უბრალოდ ცოტაოდენ თავზე ხელის გადასმას და გულში ჩაკვრას იყიდი და ეგ იქნება, გადაივლის. როდისმე ხომ გადაივლის.”