17 ნოემბერი, 2020

კოტე მახარაძის ყველაზე საამაყო ამბავი

მსახიობი, რეჟისორი, სპორტული კომენტატორი და უბრალოდ ძალიან კარგი ადამიანი კოტე მახარაძე თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალი იყო.

მის ცხოვრებაში არაერთი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, თუმცა ყველაზე დიდი სიამაყით მაინც საბალეტო სპექტაკლ “მაკნატუნას” იხსენებდა. მთავარი პარტია 10 წლის ასაკში იცეკვა. სპექტაკლის დირიჟორი გენიალური ევგენი მიქელაძე იყო, მხატვარი კი – გენიალური სოლიკო ვირსალაძე.

კოტე მახარაძე:

“ჩემს შემოქმედებაზე საუბარს ყოველთვის ამ მოვლენით ვიწყებ და მხოლოდ შემდეგ ვსაუბრობ ჩემს თეატრალურ როლებზე.

პირველად “მაკნატუნა” 1936 წელს დაიდგა და 10 წლის ასაკში მაკნატუნა ვიცეკვე. ამ სპექტაკლის დირიჟორი იყო გენიალური ევგენი მიქელაძე და მხატვარი გენიალური სოლიკო ვირსალაძე…

7 წლის ვიყავი, ჩემი და კი 8 წლის იყო, დედამ რომ მოგვიკდა პატარებს ხელი და წაგვიყვანა თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში – საბალეტო სკოლაში.

წარჩინებით დავამთავრე სასწავლებელი და დადგა საკითხი სად წავსულიყავი. ამ დროს ვნახე აკაკი ხორავა ოტელოს როლში და ყოველგვარი კერპები დაიმსხვრა – არც ბალეტი მინდოდა, არც არაფერი, მინდოდა ხორავა გამოვსულიყავი. ჩემი თაობის უმრავლესობა იმიტომ შევიდა თეატრალურში, რომ ხორავობა უნდოდა. ხორავა არც ერთი არ გამოვედით, მაგრამ მსახიობები კი გავხდით.

ძალიან ბევრი როლი ვითამაშე, ცუდად თუ კარგად – ეს მაყურებლის შესაფასებელია. ის კი არა, ნორჩი, გიმნაზისტი ვლადიმერ ლენინიც ვითამაშე. მხოლოდ პრიმიტიულ ადამიანებს ჰგონიათ – ეს როგორ უნდა ითამაშო?! საინტერესო როლი იყო და რატომ უნდა მეთქვა უარი? არტისტი ვარ და ეშმაკიც უნდა ვითამაშო, ჯოჯოხეთის მაშხალაც და ღვთაებაც, თუ შემიძლია.”