2 ოქტომბერი, 2020

უმძიმესი მდგომარეობა ვარძიაში

ვარძიაში უმძიმეს მდგომარეობაშია XIII საუკუნის დიდებული სამრეკლო, რომელიც ვარძიის ქვაბოვანი დიდი მონასტრის კუთვნილებაა.

ინფორმაციას და ფოტოებს დეკანოზი ილია ჭიღლაძე ავრცელებს:

“უმძიმეს დღეშია და გადაუდებელ რესტავრაცია-კონსერვაციას საჭიროებს ვარძიის ქვაბოვანი დიდი მონასტრის მე-13 საუკუნის დიდებული სამრეკლო, რომლის ზედა, თაღოვანი გუმბათოვანი სართული დანგრეულია და ე.წ. “ტოლით” დაფარებული პირველი სართულის სხივურ ულამაზეს კამარაში წვიმის და თოვლის წყალი მასობრივად ჩადის, ხდება ორნამენტული და საპირე ქვის ფილების გამომარილება, კოროზირება, დეგრადაცია, როგორც ინტერიერში, ისე ექსტერიერში.

პრაქტიკულად, ხელოვნების და ესთეტიკის ეს ბრწყინვალე ძეგლი ყოველდღიურად ზიანდება და ნადგურდება, მიზეზი კი ისაა, რომ საბჭოთა ხანაში ჩატარებული არასრულყოფილი რესტავრაციისას არ მოეწყო გადახურვა შესაბამისი მდგრადი მასალით (მაგ. თუნუქის დროებითი კონუსური სახურავი) და წყლის ჩადინება ვერ იქნა აცილებული.”