27 ოქტომბერი, 2020

ოთარ ჭილაძე ყველაზე მთავარზე

ადამიანებისთვის ცხოვრებაში სხვადასხვა რამ არის მთავარი, მაგრამ უმთავრესი მაინც სიყვარულია.

მწერალი ოთარ ჭილაძე ყველაზე ძვირფას თემაზე ყველაზე გულწრფელად საუბრობს:

“ალბათ არასოდეს არ ყოფილა თანაგრძნობა და სიყვარული ისე საჭირო ადამიანისათვის, როგორც დღესაა. დღეს მთელი კაცობრიობა უდიდესი განსაცდელის წინაშე დგას და ბევრი რამ თავად ჩვენზეა დამოკიდებული, ჩვენს პირადულ თვისებებსა და ღირსებებზე. დიახ, დღეს გამოჩნდება, რანი ვართ და რისი ღირსნი ვართ საერთოდ, ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორია კანონზომიერებაა სამყაროსთვის თუ შემთხვევითობა.

პირადად მე ეჭვიც არ მეპარება, უკეთეს ცხოვრებას, უკეთეს მომავალს რომ იმსახურებს ადამიანი, მაგრამ ნებისმიერ ეპოქაში დგება ჟამი, როდესაც ის (ადამიანი) იძულებულია ერთი სიტყვით, ერთი ნაბიჯით გამოთქვას და გამოხატოს, რის გამოც აუცილებლობად მიაჩნია თავად საკუთარი არსებობა და რის გამოსათქმელად და გამოსახატავად საერთოდ განუსაზღვრელი დრო აქვს გამოყოფილი ღმერთისგან.

აი, სწორედ ის სახიფათო, ის გადამწყვეტი ჟამი გვიდგას დღეს და ყველა ჩვენგანმა მთელი თავისი შეგნება, მთელი თავისი ძალ-ღონე, მთელი თავისი ცოდნა-განათლება, მთელი თავისი გრძნობები და განცდები იქითკენ უნდა მიმართოს, იმ ერთი გადამრჩენი სიტყვის თქმა და იმ ერთი გადამრჩენი ნაბიჯის გადაგმა რომ გაგვიადვილდეს როგორმე, თუკი ეს საერთოდ შესაძლებელია. მაგრამ ჩვენ მაინც უნდა შევძლოთ, რადგან სხვა გამოსავალი არ არსებობს. ჩემთვის ის ერთი გადამრჩენი სიტყვა “სიყვარულია”, ის ერთი გადამრჩენი ნაბიჯი მოყვასისგან კი არა, მოყვასისკენ გადადგმული ნაბიჯია.

სიყვარული ჩვენი დამსახურება კი არ არის, ჩვენი მოვალეობაა. ამ გრძნობით ჩვენს უპირატესობას კი არ ვამტკიცებთ სხვებთან შედარებით, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს ადამიანობას წარმოვაჩენთ სხვების დასანახად. ამ გრძნობით თავის მოწონება არ შეიძლება, რადგან ღმერთისგან ბოძებული მადლია და ვისაც არ გააჩნია, ის ჯერ კიდევ არ არის ადამიანი.

თუ შევთანხმდებით, რომ სიყვარული აუცილებელი, საყოველთაო და სავალდებულო გრძნობაა, მაშინ იმის შეგნებაც გაგვიადვილდება, სიყვარული მხოლოდ ადამიანის სასიკეთოდ რომ უნდა იყოს მიმართული…”