31 ოქტომბერი, 2020

მიხეილ ზაქარიაშვილის გულითადი მოწოდება

მომღერალი მიხეილ ზაქარიაშვილი თითოეულ ჩვენგანს გულითადად მოგვიწოდებს კარგად დავფიქრდეთ და გავიაზროთ, რა არის ჩვენი ცხოვრების მთავარი არსი:

“უფალი ჩვენი არის ყველა ღმერთზე დიდი. ის ჩვეულებრივი ღარიბი ხალხის ღმერთია, ამიტომაც გაჩნდა ბაგაში, რომ ეთქვა ჩვენთვის – მე ღმერთი ვარ, მაგრამ სიღარიბეში გავჩნდი და ნუ ფიქრობთ სიმდიდრის მოხვეჭას, სულის გადარჩენაზე იფიქრეთ, მეც ერთ-ერთი თქვენთაგანი ვარ, მეც იმ გზას გავდივარ სულის გადასარჩენად, რასაც თქვენ! რამეთუ წუთია წუთისოფელი მე ერთ-ერთი თქვენთაგანი ვარ, თქვენთან ვდგავარ და ნურაფრის შეგეშინდებათო! დურგლობით ირჩენდა მისი ოჯახი თავს – გაიარა სიკეთის გზა, ავადმყოფები განკურნა, მშიერნი დააპურა და ამის შემდეგ დიდებით მიიღეს იგი იერუსალიმში.

თქვენც იგივე გზას გაივლით, ხალხო, ცხოვრებაში ერთხელ მაინც დიდება მოვა თქვენი გაგებით, მაგრამ დროებითი დიდება გექნებათ. ზუსტად სამ დღეში მოსწავლეებმა და თანამოაზრეებმა გაჰყიდეს ის და ჯვარს აცვეს, ეკლის გვირგვინი დაადგეს თავზე უდიდესი დამცირების, ფურთხისა და ზიზღის შემდეგ!

ასეთია ადამიანის ბუნებაო, გვეუბნება უფალი ჩვენი, სიმართლისთვის გაიწირებითო თანამოძმეებისგან, რამეთუ ასეთია ადამიანის ბუნება! ჩვენც ზუსტად იგივე გზას გავივლით – მართლის მადიდებელი ერი – იქნება ღალატი, მტრობა, გაგვწირავს გვერდში მდგომი, ჯვარზე გაგვაკრავს, ცილს დაგვწამებს, მაგრამ აუცილებლად იქნება აღდგომა ჩვენი სულებისა და ჩვენი ერისა!

სანამ ვინმეს – ადამიანს, მამაოს, მოძღვარს და თუნდაც პატრიარქს განიკითხავთ, საკუთარ თავებს ვკითხოთ, ვართ კი ამ გზის მიმდევრები? ის მოძღვრები, ვინც ჩვენ ჭკუას გვარიგებენ, არიან ამ გზის მიმდევრები? რატომ ეძებთ სასწაულებს, როცა ასეთი სასწაული გამოგვიგზავნა ღმერთმა – ძე თვისი იესო. დიდ არს უფალი ჩვენი იესო.

ბევრი რელიგიური წიგნი მაქვს წაკითხული, მაგრამ ამაზე უბრალო და ამავე დროს დიდი და დიადი, როგორიც არის მართლმადიდებლობა, ვერაფერი მსგავსი ვერც ერთ რელიგიაში ვერ ამოვიკითხე.

პატიებას ვთხოვ სხვა აღმსარებლობის ადამიანებს, ბიბლიის ქრისტეს გზას ყველა გავივლით, ყოველდღიურ ცხოვრებაში მოხდება ის, რაც ბიბლიაში წერია, ყველა ადამიანი გაივლის ამ გზას და ნუ შეშინდებით, ნუ უარყოფთ ქრისტეს გზას, ნუ დაგაბრკოლებთ გარშემო მყოფთ ადამიანთა სიმდიდრით, ღალატით, გაუტანლობით. ნუ დაბრკოლდებით ძმებო და დებო და აღდგომა მალე დადგება ჩვენი სულებისაც და ჩვენი ერისაც! მედგრად იბრძოლეთ საკუთარი ერისთვის, სიმართლისთვის. იმიტომ იწოდებით მართლმადიდებლები, რომ სიმართლე თქვათ. ეს არ არის განკითხვა, სიმართლე გადაარჩენს ჩვენს რწმენას, ჩვენს თავს.

იბრძოლეთ სიყვარულით ჩვენი ქვეყნისთვის, სულის გადარჩენისთვის და ჩვენი უფლის იესო ქრისტესთვის. ამინ!”