22 ოქტომბერი, 2020

ლევან გიგინეიშვილის ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერი

ფილოლოგი ლევან გიგინეიშვილი მიიჩნევს, რომ პიროვნების თავისუფლების ღერძი სინდისია და რთულია მას ამაში არ დაენთანხმო:

“პიროვნების თავისუფლების ღერძი არის სინდისი. სინდისი არის ჭეშმარიტების სიყვარული და მისი განცდა, სიცრუეზე აღშფოთება…

სინდისი არ არის მოცემულობა. იაპონელი მწერალი – როუნოსკე აკუტაგავა ამბობს, სინდისი წვერებივით არ ამოსდის ადამიანსო. სინდისი არის მარად გათლადი, გასაფაქიზებელი, ბევრი უნდა იფიქრო, ბევრი იაზროვნო. აქედანაა თავისუფლება. თავისუფლება არის სწორი არჩევნების გაკეთება, სწორ არჩევნებს მაშინ გააკეთებ, როცა სწორ ფასეულობებს დაადგენ. უკეთესს უარესისგან განასხვავებ.

თავისუფლება ყოველთვის და ყველა სიტუაციაშია. მას ძალიან ღრმა გაგება აქვს, დაკავშირებულია ზნეობრივ სრულყოფასთან. არისტოტელე თავისუფლად არ ჩათვლიდა იმ პიროვნებას, ვისაც სიკვდილის უფრო ეშინოდა ვიდრე ღირსების დაკარგვის. ასეთი ადამიანი თავისუფალი არ იყო.

ქრისტიანობაშიც ასეა, ადამიანი ჯერ კიდევ არაა თავისუფალი, თუ სინდისის ქენჯნაზე უფრო სიკვდილის ეშინია. რთულია თავისუფლება – როცა ფასეულობებში სინდისს უფრო მაღლა აყენებ, ვიდრე კეთილდღეობას, ან ნებისმიერ სხვა რაიმეს. ამას სჭირდება ხანგრძლივი კულტივირება, ბევრი კითხვა, ბევრი ფიქრი, მარტოობა, ურთიერთობა და ეს გრძელდება სულ, მთელი სიცოცხლის განმავლობაში.“