14 ოქტომბერი, 2020

ძალიან საინტერესო ისტორია სვეტიცხოველზე

სვეტიცხოვლის უმშვენიერეს ტაძართან დაკავშირებით ფილოლოგი გია მურღულია ძალიან საინტერესო მოსაზრებას გვიზიარებს:

“როდესაც სვეტიცხოველს აგებდნენ, ალბათ, ბევრი ამბობდა: “რა საჭიროა ამხელა ტაძრის აშენება – ვის ვბაძავთ, ან ვის ვეტოლებით?! განა, ამის გარდა, სხვა პრობლემა, საფიქრალი ან საზრუნავი არ გვაქვს?! რა აუცილებლობაა ამდენი ადამიანის ტანჯვა-წამებით ისეთი მიზნის მიღწევა, რომელიც საბოლოოდ მაინც ვერაფერს შეცვლის? წესიერად მტერი ვერ მოგვიგერიებია და ჩვენ ამდენ საჭირო სახსარს უაზროდ ვხარჯავთ!”

ეს მშვენიერი და ძალმოსილი ტაძარი სიმბოლურად იაკობის კიბეს მიანიშნებს და ცისა და მიწის ურღვევ კავშირს განასახიერებს.

ის მხოლოდ მცხეთაში კი არა, ყოველი ქართველის სულშიც არის აშენებული – კონსტანტინე არსუკისძემ დროჟამისაგან და კაცთაგან დაუქცევარი ძეგლი ააგო.

ის ადამიანები, რომლებიც ნაკლები გონიერებით ან ღვარძლით კონსტანტინესა და მის ქმნილებას აუგად მოიხსენიებდნენ, აღარ არიან, სვეტიცხოველი კი სამარადისოდ ცოცხალია, რათა ადამიანს ახსოვდეს, ვის ხატად და მსგავსად დაიბადა და უნდა იცხოვროს.

არც ერთი დიდი საქმე არ კეთდება თანმდევი პრობლემების, გაკიცხვისა და ქილიკის გარეშე. მხოლოდ დრო და ცხოვრების წვრილმანთა მინარევებისაგან დაწმენდილი ცნობიერება არქმევს თავის ნამდვილ სახელს ამა თუ იმ ქმნილებას.

კეთილად – პატივისცემით, სიყვარულითა და აღტაცებით მოვიხსენიოთ გადაწყვეტილების მიმღებიცა და განმახორციელებელიც, აგრეთვე ის უამრავი ადამიანი, რომლებმაც თავდაუზოგავი შრომით აზრს შესაძლებლობა მისცეს რეალობად ქცეულიყო.

დღეს ჩვენ გარეთ თუ ჩვენში უხილავ კიბეზე ანგელოზები ჩამოდიან და ადიან. ისინი გვაუწყებენ, რომ თუ საკუთარ სახეს არ მივატოვებთ, მთავარი კარი ჩვენთვის არასდროს დაიკეტება.

სიმბოლოები იმისთვის იქმნება, რომ ეს სახე არ დავკარგოთ.

სვეტიცხოვლობას გილოცავთ.”