5 ოქტომბერი, 2020

“ბალადა ვეფხვისა და მოყმისა” 17 ენაზე

ქართული ხალხური პოეზიის ნამდვილი შედევრი “ბალადა ვეფხვისა და მოყმისა” 17 ენაზე ითარგმნა.

სასიხარულო ინფორმაცია პოეტმა ნომადი ბართაიამ გაავრცელა:

“ოცნებად მქონდა ქცეული, ქართული ხალხური პოეზიის შედევრი „ბალადა ვეფხვისა და მოყმისა“ მეხილა მსოფლიოს ხალხთა მრავალ ენაზე თარგმნილი და ერთ კრებულში მოქცეული. აი, ამიხდა ოცნებაც. ხელთა მაქვს მსოფლიო ზეპირსიტყვიერების ეს უბადლო ნიმუში დედნიანად 17 ენაზე.

მადლობა მთარგმნელებს: მიხეილ ნიშნიანიძეს (ინგლისურად), ანი ჩიქოვანს (ახალბეძნულად), რაულ ჩილაჩავას (უკრაინულად), ნომადი ბართაიასა და საიდ მულიანის (სპარსულად), ზაირა დავარაშვილს (ებრაულად), ლუიჯი მაგაროტოს (იტალიურად), იასუჰირი კოჯიმას (იაპონურად), ლია ლორიას, ხოსე ბენიტო ფრეიხანეს მარტინესს (ესპანურად), ნანა კაჭარავას (თურქულად), ნინო ეჯიბაძეს (არაბულად), ნინო ბრეგვაძეს, ივდითი ნარსიძეს, ოთარ ჭიღლაძეს (ჩინურად), კახა ჩინჩალაძეს (ინდურად), ოკტაი კაზუმოვს (აზერბაიჯანულად), მზექალა აჭაიძეს, ეკა რაისნერს (გერმანულად), ეკატერინე გაჩეჩილაძეს (ფრანგულად) და ნინო სპანდერაშვილს (სომხურად), რომლებმაც გულთბილად მიიღეს ჩემი წინადადება და თარგმნეს ბალადა (რაც შეეხება რუსულ თარგმანს, ვისარგებლეთ იან გოლცმანის არსებული თარგმანით).

პროექტის ავტორი და შემდგენელი გახლავთ თქვენი მონა-მორჩილი – ნომადი ბართაია, რედაქტორი – მაყვალა გონაშვილი. დიდი მადლობა მას, წიგნის გამოცემასთან დაკავშირებით, ორგანიზციული საკითხების მოგვარებაში გაწეული გარჯისთვის, მხატვარი – ნუგზარ მგალობლიშვილი.

დიდი მადლობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, ვისი მხარდაჭერითაც დაიბეჭდა ეს კრებული.

წიგნები დაურიგდება საქართველოში არსებულ საელჩოებს.

იმედია, ინტერესით გაეცნობიან ქართველთა ზეჰუმანურ ბუნებას მსოფლიოს ხალხები (იგულისხმება მოყმის დედა სამძიმარზე რომ მიდის ვეფხვის დედასათან, რომელთა შვილებმა ბრძოლაში ერთმანეთი დახოცეს).
იქნებ, ეს ბალადა გაეროსთვის გამოიცეს ცალკე, ამ ორგანიზაციის სამუშო ენებზე.

ჩვენი გადარჩენა ჩვენი ეროვნული ფასეულობების დაცვასა და წარმოჩენაშია, რაც სახელმწიფოს ერთ-ერთი პირველი ზრუნვის საგანი უნდა იყოს.”