17 ოქტომბერი, 2020

50 წლის შემდეგ ნიკო დადიანის სასახლე დამთვალიერებელს მიიღებს

სამეგრელოს თავადის ნიკო დადიანის სასახლე დამთვალიერებელს 50 წლის შემდეგ კვლავ მიიღებს.

ინფორმაცია ხელოვნების სასახლის დირექტორმა გიორგი კალანდიამ გაავრცელა:

“თითქმის ნახევარსაუკუნოვანი პაუზის შემდედ სამეგრელოს უბრწყინვალესი თავადის ნიკო დადიანის სასახლე დამთვალიერებლის მისაღებად ემზადება!

საქველმოქმედო ფონდ “ქართუს” დაფინანსებით აღდგენილი ეს უნიკალური შენობა უკვე სრულად დატვირთულია, ჩატარებულია წარმოუდგენელი მასშტაბის სამუშაო, გადარჩენილია ქართული საერო არქიტექტურის დიდებული ძეგლი! მუზეუმის შენობაში უკვე დაიწყო შიდა საფონდო და საექსპოზიციო სამუშაოები…

დღეს დადიანების საუკუნოვანი ბიბლიოთეკა დავათვალიერე, საუკეთესოდაა მომზადებული ე.წ ფრანგული ტიპის ვიტრინები, სადაც შესანიშნავი ნივთები განთავსდება.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანადგომით მაქვს პატივი ზუგდიდის დადიანების სასახლეში ახალი ექსპოზიციის მოწყობას და მუზეუმის განვითარების ახალი გეგმის შექმნას მე ვუხელმძღვანელო. ეს დიდებული და საპასუხისმგებლო საქმეა, რასაც კარგად ვაცნობიერებ და იმედი მაქვს, ხელოვნების სასახლის და ზუგდიდის დადიანების სასახლეების თანამშრომლების თანადგომით ამ ტვირთს ადვილად ავწევ! ჩვენ ვიწყებთ!”