1 სექტემბერი, 2020

ყველაზე დიდი სასწაული ნიკოლოზ რაჭველისთვის

მაესტრო ნიკოლოზ რაჭველის ცხოვრებაში არაერთი სასწაული მომხდარა, თუმცა ამბავი, რომელსაც ის განსაკუთრებული სითბოთი იხსენებს, ევგენი მიქელაძეს და მის შვილს თინათინ მიქელაძეს უკავშირდება:

“ავსტრიაში სწავლისას, როცა მატერიალურად ძალიან მიჭირდა, ყოველთვე უცნობი ქველმოქმედი ინკოგნიტოდ მირიცხავდა სწავლის საფასურს. დიდხანს არ ვიცოდი მისი ვინაობა. მხოლოდ გვიან გავიგე, რომ ქველმოქმედი თინათინ მიქელაძე იყო.

როდესაც პირადად გავიცანი, გამანდო:

– მაქვს წინათგრძნობა, რომ თქვენი ბედი მამაჩემის სახელს დაუკავშირდება.

მართლაც, გარდა იმისა, რომ მიქელაძის სახელობის მეცხრე მუსიკალური სკოლა მაქვს დამთავრებული, სათავეში ჩავუდექი მიქელაძის სახელობის ორკესტრს, რომელიც თითქოს დიდი მაესტროს ბედს იზიარებს. ძალიან რთული გზის გავლა გვიწევს…

…როცა ევგენი მიქელაძეზე წიგნი წავიკითხე, ცალკეულმა პასაჟებმა კინოკადრებივით ჩამიარა თვალწინ. იმდენად შემძრა ტექსტმა, მეორე დღეს რეპეტიციაზე წასვლა ვერ შევძელი. საკუთარი თავი წარმოვიდგინე ევგენი მიქელაძის ადგილას. მაინტერესებდა, რას ვიზამდი მსგავს შემთხვევაში? მოვახერხებდი სიმტკიცისა და პრინციპულობის შენარჩუნებას, კომპრომისზე უარის თქმას, გავუძლებდი მუდმივ პოლიტიკურ ზეწოლას? ამ კითხვებს პასუხი ვერ მოვუძებნე. თუმცა ერთი რამ დანამდვილებით ვიცი: ბედნიერი ვიქნებოდი, თუ ჩემი სიცოცხლე ისე დასრულდებოდა, როგორც ევგენი მიქელაძის სიცოცხლე დასრულდა. ოღონდ დარწმუნებული ვყოფილიყავი, რომ მის რანგსა და სიმაღლეს მივაღწიე…

როგორც რელიგიას ჰყავს წმინდანები, ასეთივე წმინდანი ჰყავს მუსიკალურ სამყაროს ევგენი მიქელაძის სახით… ის იქცა ნიჭიერების, შრომისმოყვარეობის, მუსიკალური გენიის სიმბოლოდ!”