21 სექტემბერი, 2020

მოზარდ მაყურებელთა თეატრის მიძღვნა სოხუმს

26 და 27 სექტემბერს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის ღია სივრცეში წარმოადგენს სპექტაკლს „სარა ბარა ბზია ბზბოიტ“.

წარმოდგენა ეძღვნება სოხუმის დაცემის დღეს.

მოზარდელები არ თამაშობენ კლასიკური გაგებით სპექტაკლს, ეს უფრო აქციაა, აფხაზურ-ქართულ ურთიერთობებზე საუბრის დაწყების, მცდელობა მყარად გამჯდარ დამოკიდებულებათა გადაფასების.

სპექტაკლში განსაკუთრებულ როლს თამაშობს კომპოზიტორისა და ლოტბარის დავით მალაზონიას მუსიკა, სიმღერა და გია მარღანიას ქორეოგრაფია.

წარმოდგენა ეხება სიყვარულის, წარსულის, მომავლის, ტრადიციისა და თანამედროვეობის თემებს.

პიესის ავტორები არიან დიმიტრი ხვთისიაშვილი და ანა მირიანაშვილი. დამდგმელი რეჟისორი – დიმიტრი ხვთისიაშვილი, დამდგმელი მხატვარი – ლომგულ მურუსიძე, ვიდეო პროექცია – ლევან გვაზავა.

მოზარდ მაყურებელთა თეატრის წარმოდგენა გაიმართება 19 საათზე, ყველა რეგულაციის დაცვით.