25 სექტემბერი, 2020

გიზო ჟორდანიას მთავარი საიდუმლო

რეჟისორ გიზო ჟორდანიას მთავარი საიდუმლო და მისი წარმატების გარანტი საქმის უსაზღვრო სიყვარული გახლდათ.

გამორჩეული ხედვით შემოქმედმა სულ სხვა სიახლე შეიტანა ქართულ ქართულ თეატრალურ სამყაროში.

მის მიერ დადგმული სპექტაკლები, ოპერები თუ აღზრდილი სტუდენტები დღესაც დაუვიწყარია ქართული კულტურის მოყვარულთათვის.

– თეატრი ტაძარი არ არის! – ეს საკმაოდ თამამი განცხადება გიზო ჟორდანიას ეკუთვნის.

100-მდე საოპერო და დრამატული სპექტაკლების რეჟისორი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

“ხანდახან ვნანობ, რატომ დავიბადე-მეთქი, მაგრამ, მერე ბარათაშვილი მომაგონდება და ვჩერდები. ისე არეულია ქვეყანა, ისე არ ინდობენ ადამიანები ერთმანეთს, ისე შეურიგებლები არიან, რომ სიცოცხლე აღარ მოგინდება.

არ მიყვარს ომი, ჩხუბი.

ზოგი მაშინ მუშაობს კარგად, როცა გაბრაზებულია. მე როცა ვინმეზე გაბრაზებული, ნაწყენი ვარ, რისი მუშაობა, რისი ქეიფი… დარდისგან დალიაო-იტყვიან ხოლმე. დარდისგან რა დამალევინებს… მაშინ ვარ პროდუქტიული, მაშინ გამომდის ყველაფერი, როცა კარგად ვარ და კარგ ხასიათზე.

როგორიც დავიბადე, ესე იგი, ასეთი უნდა ვყოფილიყავი…”