18 სექტემბერი, 2020

ძალიან მნიშვნელოვანი ისტორია ზურაბ სოტკილავაზე

ოპერის მომღერლის ზურაბ სოტკილავას შესახებ ძალიან მნიშვნელოვან ისტორიას იხსენებს მისი უახლოესი ნათესავი მანანა სოტკილავა:

“18 სექტემბერი ზ უ რ ი კ ო სოტკილავას გარდაცვალების დღეა!

მახსოვს, იმ დღეს სოც.ქსელში დავდე მისი ულამაზესი დედის, ჩვენი ოჯახის უფროსი რძლისა და ბიცოლა ქსენიას დაბადებიდან 100 წლისთავის გასახსენებელი ფოტოები მცირე მოგონებებით… ასე მეგონა, მოსკოვის საავადმყოფოში მძიმე სენთან მებრძოლ ზურიკოს გაამხნევებდა მისი დედის საიუბილეო ეს გახსენება…

ამ გზით მცირედ ვალმოხდილმა რაღაც შვება ვიგრძენი , პატარა იმედიც მომეცა. ლოცვა ვისურვე გულწრფელი…, ავანთე კელაპტარი და დიდხანს ვიკითხე ფსალმუნი, მერე, ყველაფრით დაღლილმა მაღალი ღმერთის წყალობას და ქსენია ბიცოლას დედობრივ მადლს მივანდე მისი ერთადერთი ვაჟის – ზურიკოს შეშველება…

ამასობაში, შუაღამის 4-ის ნახევარი გახდა მოსკოვის დროით. უცნაურად ამიწრიალდა და ამიფორიაქდა სული…

… ვრეკავ თეასთან მოსკოვში, ზურიკოს უფროს ქალიშვილთან, ვეკითხები: – “თეა, როგორ არის ზურიკო, რაღაც ვერ ვისვენებ…”

თეა ატირებული მპასუხობს: – “მანანა, მამა აღარ არის 10 წუთია.., როგორ იგრძენი, რას ნიშნავს სისხლი და ხორცი, რამ დაგარეკინა…”

ეს იყო სრული შოკი, თენგოს შემდეგ, იმ ღამეს მოგონებებით ავაფორიაქე მარადისობაში გარდასული ჩემების სულები, თურმე ზურიკოს მოელოდნენ თავისთან…

ეს იყო წინათგრძნობის ენით აღუწერელი უცნაური მისტერია…

მას მერე მესამე წელი გავიდა და დღესაც ისევ ისეთივე განცდით ვარ როგორც მაშინ…

ორივე ძმამ ერთიმეორის მიყოლებით გამამწარა..,

ამბობენ, დრო მკურნალიაო სულის ჭრილობის, არავითარი მკურნალი! უბრალოდ, გასწავლის როგორ მოუნახო გულისგულში თავისი ადგილი ამ დიდ ტკივილს და მასთან ერთად გააგრძელო ცხოვრება. ვიდრე ამქვეყნად არიან მათი სისხლ-ხორცნი, ისინი ცოცხლობენ და მათში აგრძელებენ ამქვეყნიურ სიცოცხლეს …

ამჯერადაც, მთელი ღამეა ვიგონებ, ვლოცულობ მათი უკვდავი სულებისთვის.

გავიხსენე ბევრი რამ, დაწყებული ჩვენი ბავშვობიდან, ზურიკოს იტალიიდან გამოგზავნილი წერილებით, მისი გასაოცარი წარწერებით და ბოლოს, მისივე თხოვნით, თბილისის მიწას მიბარებული მისი საკრძალავი ადგილით, უმშვენიერესმა ქალიშვილებმა, ზურიკოს ცხოვრების მთელი შინაარსის ხელოვნების ენაზე ლამაზად გადმომცემი მემორიალით რომ დაგვიტოვეს, თავად, შორეულ ესპანეთში დამკვიდრებულებმა…. ყოველ წელს საგანგებოდ ჩამოდიდოდა ზურიკოს ოჯახი, რასაც ამჯერად ვერ ახერხებენ საყოველთაო პანდემიის გამო, ორმაგად დიდია მათი ტკივილი შორიდან…

ჩვენ კი, ხვალ შუადღისას ქრისტიანული წესით გავიხსენებთ და პატივს მივაგებთ ზურიკოს საფლავს საბურთალოს პანთეონში “ამაღლების” ეკლესიის გვერდით…

სულმან მისმან მართალთა შინა განუსვენოს, ხოლო ნათესავმან მისმან დაიმკვიდროს ქუეყანა!

საუკუნოდ იყოს ხსენება მათი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!”