6 სექტემბერი, 2020

ბიძინა კვერნაძის განსაკუთრებული ამბები

კომპოზიტორ ბიძინა კვერნაძეზე და მის შემოქმედებაზე დასურულებლად შეიძლება ისაუბრო, მაგრამ ამჯერად “არტ ინფო” არა მის უკვდავ შემოქმედებაზე, არამედ მის საოცარ იუმორზე გაამახვილებს ყურადღებას:

“…ჩემს ხუმრობებზე ლაპარაკობენ? რა ვიცი, აბა… მე ჩვეულებრივად ვიტყოდი რამეს და აიტაცებდნენ მოულოდნელად…

ერთმა მკითხა, სიღნაღში რათ დაიბადეო, ვეხუმრე: სხვაგან სამშობიაროები არ იყო და დედაჩემი იქ წაიყვანეს-მეთქი…

***

ერთხელ ცეკაში იმისთვის დამიბარეს, გინდა თუ არა, ოპერა დაწერეო. ვუპასუხე: ლიბრეტო არ არის და როგორ დავწერო-მეთქი… “აბესალომ და ეთერი” ხომ ოპერა არის, ლიბრეტო ხომ აქვსო? აქვს-მეთქი. მერე რაღას უყურებთ, აიღეთ ეგ ლიბრეტო და ახალი ოპერა დაწერეთო. ახლა ღიმილით კი გიყვებით, მაგრამ მაშინ არ მეღიმებოდა. ასეთები უნდა მოგესმინა სერიოზული სახით და სერიოზული პასუხი გაგეცა. ძალიან საფრთხილო საქმე იყო…

***

ერთხელ, მანქანით მივდიოდით მე და ჩემი მეუღლე. სააკაძის მოედანთან „გაიშნიკმა“ თავისი ჯოხი დააქნია და თან ჩამისტვინა, გააჩერეო. გავაჩერე, დავხიე უკან მანქანა. „იკარუსი“ ჰყავდა გაჩერებული და სანამ იმის მძღოლს ესაუბრებოდა, კარგა ხანს ვუცადე.

როგორც იქნა, მოვიდა. მკითხა, რატომ არ გააჩერეო. ვუთხარი, გავაჩერე ბატონო-მეთქი. რატომ არ დამიძახეო, ვუთხარი, „იკარუსის“ მძღოლს ესაუბრებოდით და გელოდებოდით-მეთქი. სად იყო „იკარუსიო“…
მოკლედ, შარზე იყო. მაშინ „გაიშნიკებს“ მკერდზე ეწერათ სახელი და გვარი. ამოვიკითხე: ერდემონ მორგოშია. ნამეტანი უცხვირპირო კაცი იყო. მეჯუჯღუნა, ვერ აღმომიჩინა დარღვევა, მაგრამ ფული მაინც გადამახდევინა და ისე გამიშვა. კი გამიკვირდა, ამ ქალაქში ყველა მცნობს და ეს კაცი რანაირი ქალაქელია, რომ უმიზეზოდ ამიშარდა-მეთქი.

გავიდა რამდენიმე დღე. ისევ იმ ადგილას გავიარე და ისევ იმ „გაიშნიკმა“ გამაჩერა. მასთან ერთად სხვა „გაიშნიკებიც“ იყვნენ. გავაჩერე მანქანა, გადმოვედი. მესმის, კოლეგები ეუბნებიან: კაცო, არ იცი, ვინ უნდა გააჩერო და ვინ არაო. ესეც უკან არ იხევდა: ვითომ ეს რატომ არ უნდა გავაჩეროო. გამწარდნენ „პაგონებიანი“ ბიჭები და ეცნენ: კაცო, ნუ გადაგვრიე, შენ, ვერ იცანი, ვინ არისო? მისი სახელი და გვარი ამოკითხული და დამახსოვრებული მქონდა პირველი შეხვედრის დროს. მივუახლოვდი და ხმამაღლა ვუთხარი: მე ყველა მცნობს ამ ქალაქში ენდემონ მორგოშიას გარდა, მაგრამ სამაგიეროდ, ის ისეთი პოპულარულია, რომ მე არც ერთი „გაიშნიკის“ სახელი და გვარი არ ვიცი, ერდემონ მორგოშიას გარდა-მეთქი. გაიბადრა. ესიამოვნა. მოვბრუნდი და წამოვედი. ჩავჯექი მანქანაში და ვიფიქრე, მაშინ წახდა ჩვენი საქმე, ამ ქალაქში ერდემონ მორგოშიები რომ პოპულარობენ და ქართულ სიმღერას ფასი აღარ აქვს-მეთქი.

***

ერთხელ, ხუთი-ექვსი ბიჭი შევიკრიბეთ სუფრასთან და თამადად დამნიშნეს. დალევის და ქეიფის ეშხში რომ შევედით, უცბად წამოვდექი და გამოვაცხადე, მაპატიეთ, კონსერვატორიაში პინგვინები მელოდებიან, ლექცია მაქვს ჩასატარებელი, მეჩქარება და უნდა წავიდე-მეთქი. დაინტერესდნენ ბიჭები და მკითხეს: თუ კაცი ხარ აგვიხსენი, როგორ ასწავლი მაგ შენ პინგვინებს მუსიკის წერასო.

გამეცინა და ვუპასუხე: კლავიატურას ვაჩვენებ, მერე ვეუბნები, აბა, ჩემო პინგვინებო, დაუყევით მარჯვნიდან მარცხნივ კლავიშებს, მერე პირიქით და ბოლოს „ტოჩკაში“ მოარტყით. მუსიკაც დაიწერება. აბა, სხვანაირად როგორ ავუხსნა, კონსერვატორიაში კი შემოძვრნენ, მაგრამ ბოლოს და ბოლოს „პინგვინები“ არიან, მეტი რა მოვთხოვო-მეთქი. პირდაღებულები მისმენდნენ…

***

ერთ ჩვენს ძმაკაცს გოგო მოსწონდა. მოსეშვილის ქუჩაზე ოთხი ნასვამი კაცი მივედით. ის გოგო მესამე სართულზე ცხოვრობდა. დავდექით სახლთან, სანთებელები ავანთეთ და დავიწყეთ მუხამბაზის მღერა: „გინდ მე ძინოს მაინც სულში მიზიხარ, თვალს ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ“…

ეშხში ვართ შესული. გვიანია. იმ გოგოს ფანჯარაში სინათლე არა და არ ინთება. არადა, ვხედავთ ფარდის უკან ამოფარებულია და გვისმენს. დავამთავრეთ სიმღერა და დავიწყეთ: გამოდი, გამოდი… ჩამოდი, ჩამოდი… იმ კორპუსში ცხოვრობდა ჩვენი ძმაკაცი „რესტორანა“, გავიხედეთ და არ ჩამოვიდა? თან ოცლიტრიანს მოათრევს. ვკითხეთ, სად მიდიხარო. გაუკვირდა, კაცო, მე არ მეძახდით ჩამოდი, ჩამოდიო, ჰოდა, მეც ჩამოვედიო.

იქვე, თბილისურად, მანქანის „კაპოტზე“ გაიშალა პურ-მარილი, ჩამოვასხით ღვინო და დავილოცეთ. კარგა ხნის შემდეგ, გაგვახსენდა გოგონასთან რომ ვიყავით მოსული. ისევ მივტრიალდით კორპუსისკენ და კვლავ დავიწყეთ: ჩამოდი, ჩამოდი… ამ ჩვენმა მეგობარმა „რესტორანამ“ დაახურა თავზე თავის სასმელს და წასვლა დააპირა. გაგვიკვირდა, ვეცით ხელებში, სად მიგაქვს ეგ სასმელიო. გვითხრა, ახლა მაგ ძახილზე, მთელი კორპუსი აქ ჩამოვა და დროზე გავასწრებ აქედან ჩემი სასმელიანად, თანაც მე მეტი აღარ მინდაო.

***

ერთხელ დილით ეზოში „პახმელიაზე“ დამწუხრებული მეზობელი შემხვდა. ვკითხე, რა მოგივიდა, ასე შეწუხებული რატომ ხარ-მეთქი. მითხრა, კატა რომ მყავს, ის გამიხდა ძალიან ცუდად და რა გავუკეთო აღარ ვიცი, ხომ ვერ მირჩევთ რამესო.
„პახმელიაზე“ ვიყავი და იმ კატის დარდი მქონდა? ვუთხარი, რა გაუკეთო და, თაგვის ბულიონი მოუხარშე და მიართვი, აუცილებლად უშველის-მეთქი…”