12 სექტემბერი, 2020

არაჩვეულებრივი იდეა კრწანისის ბრძოლასთან დაკავშირებით

კრწანისის ბრძოლა საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმეა. ქართველების მაქსიმალურმა მონდომებამ უთანასწორო მტერთან შედეგი ვერ გამოიღო და მარცხი განიცადა.

კონსტანტინე გამსახურდია კრწანისის ბრძოლას საინტერესოდ გვახსენებს და არაჩვეულებრივი იდეით გამოდის:

“გუშინ კრწანისის ბრძოლის 225 წლისთავი იყო – გმირი მეფის, ერეკლე მეორის და აღმოსავლეთ საქართველოს სამეფოს შავი ვატერლოოს დღე. ირანი უკიდურესად გაღიზიანდა საქართველოს ახალი, ჩრდილოური ვექტორით, რუსეთი არ მიეშველა შეჭირვებულს, კრწანისთან მტერი კი რვაჯერ მაინც აღემატებოდა ქართულ ჯარს.

აღა-მუჰამედ ხან, საჭურის იქმენ,
მეჩეთი გაგიღეს წინადაცვეთილს,
და რომ ვყოფილიყავ მსაჯული იქ მე
მეჩეთს უსათუოდ ციხედ ვაქცევდი.
და შენს ჩია თავის მიწაზე დახლით
ალაჰს ღაღადისით უხდიდი ღალას,
საკუთარ დიდების მნდომელი გახდი
და მაინც იძახოდი, დიდება ალაჰს!
მთვარეზე ლოცულობდი შენ როგორც ძაღლი
და მზის დაბნელება მთვარითვე გსურდა!
ბრაზით აღაპყარი თვალები მაღლით’
და მზეს შეუსიე ვარსკვლავთა ურდო.
მე ასე მგონია, ამ მზეს ვერ დალევ,
თუმცა შენს ხახას შენი მწეც აქებდა,
მუჰამედ, იყავი შენ სისხლით დედალი
ამდუღებელი მამალ საქმეთა. – წერს ქართველი მოდერნისტი შოთა ჩანტლაძე. ამ შაჰის გამორჩეული სიბოროტე კიდევ სანელებელივით ზედ აყრია იმ ეპოქის არეულობას.

მიკვირს, სად არის ქართული კინემატოგრაფია, რატომ არ არის ამაღელვებელი ფილმი კრწანისზე და სამას არაგველზე – თუნდაც ისეთი, როგორიც იყო ჰოლივუდის ფილმი “300 სპარტელი”?

არადა რა დიდებული მასალაა: ჯერ 300 არაგველის შეკრება ნაღვარევის წმინდა გიორგის საყდარში, სადაც ფიცს დადებენ; შემდეგ მათი სვლა ტფილისისკენ, როგორც დევების პროცესია, როგორც სამურაები, საოცრად ემოციური საუნდთრეკით (როდესაც წარმოვიდგენ, სისხლი მეყინება….) ოჟა ჯურხაის და მოხუცი, გაუტეხელი მეფის შეხვედრა, იმერლების მსვლელობა კრწანისისკენ და იმერული მხედრული სიმღერები ზურაბ წერეთელთან ერთად, იქვე ბორჩალოელი ხუდია და ბორჩალოელთა რაზმი, საქართველოს შვილი აზერები, რომლებიც მზად არიან სისხლი დაღვარონ ქვეყნისთვის, იარაღასხმული ტფილისის თეატრის მსახიობები, მათთან ერთად არუთინა, იგივე საიათნოვა ხმლით ხელში. ბოლოს სამასთა თავგანწირული შტურმი საჭურისის პოზიციისკენ, რასაც ისინი ერთიმეორის მიყოლებით შეეწირებიან, ხოლო თავად საჭურისი რამოდენიმე მეტრით გაასწრებს.

ეს იდეოლოგიაა? შეიძლება ვიღაცამ იკითხოს. დიახ, პატივცემულო, ჩვენი ერი-სახელმწიფო წინ უნდა წავიდეს თავის ქმნადობაში. პატრიოტიზმია, ჰაერივით და წყალივით საჭირო თავდაცვისუნარიანობის განსამტკიცებლად.”