1 აგვისტო, 2020

ირაკლი უჩანეიშვილი – ქართული კულტურის მარგალიტი

ირაკლი უჩანეიშვილი - ქართული კულტურის მარგალიტიმსახიობი ირაკლი უჩანეიშვილი ნამდვილად გამორჩეული იყო თავისი ნიჭიერებით, განსაკუთრებული სამსახიობო მონაცემებით, ხავერდოვანი ხმითა და ორიგინალური დიქციით.

აკაკი კუჭუხიძე:

“ირაკლი უჩანეიშვილი – აი, ვინ იყო ყველაზე ნიჭიერი. მისი ჯგუფელებიც კი აღნიშნავდნენ ამ ფაქტს. მას შეეძლო ერთნაირ სიმაღლეზე ეთამაშა: ანტიკურ ტრაგედიაში, დრამაში, კომედიასა თუ ვოდევილში. ეცეკვა პროფესიონალურ დონეზე. სიმღერა ხომ მისი სტიქია იყო. მხატვრულ კითხვაში თავის თაობაში ბადალი არ ჰყავდა. ჰქონდა ხავერდოვანი ხმა, გამორჩეული დიქცია. ჩაწერილი ჰქონდა ზღვა მასალა რადიოში, მათ შორის მულტიპლიკაციური ფილმებიც. თავად იკერავდა კოსტიუმებს და ფეხსაცმელს.

ირაკლი უჩანეიშვილი პირველად რუსთავის თეატრის სცენაზე ვნახე. მეშვიდე კლასელს ბევრი არაფერი გამეგებოდა, მაგრამ თეატრი უკვე მიყვარდა. შემდგომ, მარჯანიშვილის თეატრში შევხვდი, სადაც თავის მეგობრებთან ერთად (ოთარი, ნოდარი, მალზახი, თენგიზი) მსოფლიო დრამატურგიის დადგმებში განუმეორებელ სახეებს ქმნიდა. აღმერთებდა თავის პედაგოგებს: აკაკი ვასაძეს და მალიკო მრევლიშვილს. უყვარდა გრიმის გაკეთება. ეს ხელოვნება გიორგი სარჩიმელიძემ ასწავლა. თეატრში ამბობდნენ, რომ გიორგი შავგულიძის შემდეგ, გრიმის ხელოვნებას ასე არავინ ფლობდა. სპექტაკლ “ჰაკი აძბაში” სახეზე ისეთ შრამს იკეთებდა, რომ ბუნებრივიც კი გეგონდებოდათ. ბავშვივით გულუბრყვილო იყო, თუ ახალი პიესის განაწილებაში საკუთარ გვარს ვერ ამოიკითხავდა, მთელ თეატრს ებუტებოდა… რაღაც დროის შემდეგ კი იწყებდა ჩამორეკვას და სიმღერით – “ავადა ვარ ავადა, მოდი სანახავადა” – გვირიგდებოდა.

რაც შეეხება, მისთვის ყველაზე უფრო საყვარელ როლს, ეს ოთარ მამფორიას პიესაში შესრულებული “იეთიმ გურჯის” როლი გახლდათ. ირაკლი ამ როლში განუმეორებელი იყო. ამ სცენიური სახით, მან სამუდამოდ დაუდგა ძეგლი აშუღ პოეტს, ამიტომაც დარჩა გულდაწყვეტილი, როცა თბილისში, სიონის ტაძართან იეთიმ გურჯის ძეგლის გახსნისას მასთან თავისი მსგავსება ვერ დაინახა.

ირაკლი ნამდვილი თბილისელი იყო. ლერმონტოვის ქუჩაზე დაბადებული და გაზრდილი. სწორედ მის ძველ სახლთან, გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე, მემორიალური დაფის გახსნას ვესწრებოდი. ის აღარ იყო, მაგრამ სახლი და ეზოში მაღალი ალვის ხე ჯერ ისევ იდგა. შემდგომ, იქვე, ბეთლემის ტაძარში, პანაშვიდი გადაუხადეს. ტაძრის უკან სუფრა იყო გაშლილი. ეზოს კლდის დიდი ფრთა ჰქონდა გადაფარებული. რა კარგი იყო, ირაკლის ყველა ახლობელი და მეგობარი ცოცხალი იყო…

ქალიშვილებს ზანათში სახლ-მუზეუმის გახსნა უნდოდათ, მაგრამ მაშინ აირია ქვეყანა და სურვილი სურვილად დარჩა…”