“ღამის სერენადები” მე-12-ედ ჩატარდება

"ღამის სერენადები" მე-12-ედ ჩატარდებაბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ წელს მე-12-ედ ჩატარდება.

ფესტივალთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართა.

ჟურნალისტებს შეხვდნენ და ფესტივალის შესახებ დეტალურად ისაუბრეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსმა ნანა დოლიძემ, ქალაქ თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსმა მაკა ნასრაშვილმა, ფესტივალის დირექტორმა ნინა ცაგარელმა და ფესტივალის მთავარმა დირიჟორმა ვახტანგ მაჭავარიანმა.

"ღამის სერენადები" მე-12-ედ ჩატარდება

პრესკონფერენციას ასევე ესწრებოდნენ სოლისტები თამარ ლიჩელი, სანდრო ნებიერიძე და ლიზა ჩხაიძე.

პანდემიით განპირობებული რეგულაციებისა და მსოფლიოში არსებული საფესტივალო გამოცდილების გათვალისწინებით, ბათუმი-თბილისის რიგით მეთორმეტე ფესტივალი „ღამის სერენადები” წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. ბათუმში დაგეგმილ კონცერტს მაყურებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის პირდაპირი ეთერით იხილავს, ხოლო თბილისის კონცერტებს – „ლაივსტრიმის“ საშუალებით.
საკონცერტო საღამოებზე შესრულდება კლასიკური მუსიკის შედევრები, გაიმართება თანამედროვე ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებების პრემიერები.

ფესტივალი ტრადიციულად ქალაქ ბათუმში 27 აგვისტოს გაიხსნება მისი მასპინძელი ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდი სცენა იქნება. საკონცერტო საღამო ცნობილი ქართველი კომპოზიტორისა და პედაგოგის – სულხან ცინცაძის 95 წლის იუბილეს მიეძღვნება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებს არაერთი ეროვნული და საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი პიანისტი თამარ ლიჩელი, გია ყანჩელის სახელობის სიმებიანი კვარტეტთან ერთად.

2 და 4 სექტემბერს საფესტივალო კონცერტები თბილისში გადმოინაცვლებს. მსმენელის წინაშე წარსდგება ლიანა ისაკაძის მიერ შექმნილი ფესტივალის საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები”, ფესტივალის მთავარი დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი და სოლისტები სანდრო ნებიერიძე, ლიზა ჩხაიძე, ელენე შავერზაშვილი.

წლევანდელი ფესტივალის ფარგლებში შედგება 3 ქართველი კომპოზიტორის მიერ შექმნილი კლასიკური ნაწარმოების საპრემიერო შესრულება:

1. სანდრო ნებიერიძის კონცერტი – სპეციალურად ბათუმი-თბილისის მეთორმეტე ფესტივალის „ღამის სერენადებისათვის“, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელის გიორგი ისაკაძის დაკვეთით შექმნილი ნაწარმოების „კონცერტი N2 ფორტეპიანოსა და სიმებიანი ორკესტრისათვის”.

2. გიორგი შავერზაშვილის „კონცერტი ფორტეპიანოსა და კამერული ორკესტრისათვის N4″, რომელიც ავტორმა ფესტივალის მთავარი დირიჟორის ვახტანგ მაჭავარიანის დაკვეთით შექმნა და თავის ქალიშვილს მიუძღვნა. ფესტივალის ფარგლებში ფორტეპიანოს პარტიას სწორედ კომპოზიტორის ქალიშვილი – ელენე შავერზაშვილი შეასრულებს.

3. ჯიმშერ ჩხაიძის ნაწარმოები „სენტიმენტები” კამერული ორკესტრისა და არფისთვის, რომლის საერთაშორისო პრემიერა გერმანიაში 2011 წელს შედგა, ხოლო წლევანდელ ფესტივალზე ნაწარმოების ქართული პრემიერა გაიმართება.

“ღამის სერენადების” ფარგლებში აღინიშნება გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის და პედაგოგის, სულხან ცინცაძის 95 წლის და კომპოზიტორის ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის 250 წლის იუბილეები.

საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ 1982 წელს ცნობილი ქართველი მევიოლინესა და დირიჟორის, ლიანა ისაკაძის, ინიციატივით აფხაზეთში დაარსდა. 1991 წელს განვითარებული მოვლენების გამო ფესტივალმა თავისი არსებობა შეწყვიტა და მხოლოდ 18 წლის შემდეგ, 2009 წელს, შავი ზღვისპირეთის ულამაზეს ქალაქ ბათუმში გახდა შესაძლებელი მისი აღდგენა. ფესტივალის დამაარსებელია ლიანა ისაკაძე, სამხატვრო ხელმძვანელი – გიორგი ისაკაძე, ფესტივალის მთავარი დირიჟორი – მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანი, ფესტივალის დირექტორი – ნინა ცაგარელი.

"ღამის სერენადები" მე-12-ედ ჩატარდებანინა ცაგარელი – “ღამის სერენადების” დირექტორი:

– ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ფესტივალი შედგება პანდემიის ფონზე. დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა საერთოდ ჩატარდებოდა თუ არა მუსიკალური სფეროს ეს მნიშვნელოვანი ღონისძიება, თუმცა, ჩვენ ეს შევძელით, სახელმწიფო სტრუქტურებისა და ტრადიციული მხარდამჭერების ერთობლივი ძალისხმევით. ძალიან საინტერესო პროგრამით წარვსდგებით ერთგული მსმენელის წინაშე. მსოფლიო კლასიკური მუსიკის შედევრები, ახალგაზრდა უნიჭიერესი შემსრულებლები და სამი ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოების პრემიერა ფესტივალის გულშემატკივრებს ელოდება.

"ღამის სერენადები" მე-12-ედ ჩატარდებავახტანგ მაჭავარიანი – ფესტივალის მთავარი დირიჟორი:

– ისევე როგორც მოვლენაა ქალბატონი ლიანა ისაკაძე, ასევე მოვლენაა ფესტივალი „ღამის სერენადები“. მე ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ ამ დიდი მოვლენის მონაწილენი ვართ. ასევე ძალიან დიდი მადლობელი ვარ ჩემი კოლეგების: ლიანა ისაკაძის, ნინა ცაგარელის და მთელი გუნდის, რომ ამ გაუსაძლისი პანდემიის მიუხედავად, აქტიურად ვმუშაობთ.

ფესტივალის შინაარსი იყო ყოველთვის ინოვაცია, როგორც პრემიერების და პირველი შესრულებების საქართველოში, აი, ამ გზით მივდივართ ჩვენ. ამჯერად პანდემიამ ცოტა გაგვლახა და ონლაინ რეჟიმში წარვსდგებით პუბლიკის წინაშე. საბედნიეროდ, დღევანდელი ტექნოლოგიური პირობების ამის საშუალებას იძლევა. უნდა შევეგუოთ იმ რეალობას სადაც ვცხოვრობთ, იმ რეალობაში უნდა ვიშრომოთ და გავაკეთოთ ჩვენი საქმე.

"ღამის სერენადები" მე-12-ედ ჩატარდებანანა დოლიძე – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსი:

– კულტურაზე განსაკუთრებით აისახა მსოფლიოში მიმდინარე პანდემიური ვითარება და ცნობილი მოვლენები. თუმცა, მიუხედავად ამისა, სამინისტროსთვის რჩება პრიორიტეტად ყველა იმ დაგეგმილი ღონისძიების ჩატარება, რაც ჯერ კიდევ წლის დასაწყისში განისაზღვრა. მათ შორის გახლავთ ფესტივალი „ღამის სერენადები“, რომელიც ერთ-ერთი უძველესი ფესტივალია. ის ჯერ კიდევ 1982 წელს, ქალბატონი ლიანა ისაკაძის მიერ აფხაზეთში იქნა დაფუძნებული. ფესტივალმა მოახერხა უკვე XXI საუკუნეში აღდგენილიყო, რაც ძალიან სასიხარულოა. „ღამის სერენადები“ ძალიან საინტერესოა იმ თვალსაზრისითაც, რომ ორგანიზატორებს უჩვეულო ფორმატში უწევთ მისი განხორციელება.

ფესტივალი გაიხსნება 27 აგვისტოს, სადაც, სამწუხაროდ, მაყურებელი არ იქნება, ბათუმის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში შეგვიძლია ვიხილოთ ღონისძიება, რომელიც მიეძღვნება ბატონ სულხან ცინცაძეს, ჩვენი გამორჩეული კომპოზიტორის საიუბილეო თარიღს. 2-4 სექტემბერს კი ღონისძიება გადმოინაცვლებს თბილისში.

"ღამის სერენადები" მე-12-ედ ჩატარდებამაკა ნასრაშვილი – თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი:

– ქალაქ თბილისის მერია მეთორმეტე წელია, რაც ამ ფესტივლის ერთგული მხარდამჭერი და თბილისის კულტურული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. წლევანდელ წელს, პანდემიის გამო, ბევრმა ფესტივალმა გადაინაცვლა ვირტუალურ სამყაროში, მერია კი ცდილობს მაქსიმალურად დაეხმაროს თითოეულ ღონისძიებას. გაფართოვდა პროექტების და პროგრამების განხილვა, რათა მოხდეს თბილისის კულტურის ცხოვრების გამოცოცხლება ამ პერიოდში. ვიცით, რომ პანდემიამ ქვეყნის ეკონომიკის არაერთი სფერო და დარგი დააზიანა, სწორედ ამიტომ მოხდა კულტურის სფეროს პროგრამების და პროექტების გაფართოება.
მოხარული ვარ, რომ წელს აღინიშნება დიდი ქართველი კომპოზიტორის და პედაგოგის სულხან ცინცაძის 95 წლის იუბილე, რადგან მერია სახელოვნებო განათლებასაც აქტიურად უწყობს ხელს.

მინდა წარმატებები ვუსურვო ამ ფესტივალს და, რა თქმა უნდა, მერია გვერდში დგომას ყოველთვის გააგრძელებს.

ბათუმი-თბილისის XII საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადები“ მხარდამჭერები არიან: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია; ქალაქ თბილისის მერია; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

ღონისძიების ორგანიზატორია კომპანია „არტ ალიანსი“. ფესტივალის ოფიციალური მზღვეველია – კომპანია „არდი“.

ფესტივალის პარტნიორები არიან: გერმანიის საელჩო, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრი; Lenø Records; კომპანია ,,პსპ“, მსოფლიოს ტრენდული პრემიუმ ბრენდების ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში ღვინის კომპანია „Georgian Unique Wine” – 2018 წლის წარმატებული ახალი ბრენდი; კომპანია „სარაჯიშვილი“; პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი ,,ლუტეცია“, ,,არომატეკა“.

პროექტის მედია მხარდამჭერები არიან: აჭარის ტელევიზია; საქართველოს პირველი არხი; ტელეიმედი; რუსთავი 2;  TV პირველი; „არტარეა“; ახალი ამბების სააგენტი „Pia.ge”; „ამბები.GE“; საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ–ტაიმი“; საინფორმაციო სააგენტო „GHN“, ჯორჯიანპრესი, ინგლისურენოვანი გაზეთი “Georgia Today“; ინგლისურენოვანი ყოველდღიური გამოცემა “Messenger”; “ჯორჯიან პრესი“; ვიდეო–პორტალი “myvideo.ge”; ჟურნალი „სარკე“; გაზეთი „აჭარა“; რადიო „ფორტუნა“ და პორტალი fortuna.ge